ბლოგები

რა არის მიწათასრგებლობის გენერალური გეგმა და რატომ გვჭირდება ის?

ავტორი: დაკო მურადაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ფილიალის ხელმძღვანელი

ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურ რუტინასა და საქმიანობაში თითქოს ნაკლებად ვამჩნევთ, როგორ სწრაფად ვითარდება და იცვლება ჩვენი საცხოვრებელი გარემო და ქალაქის იერსახე. თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მშენებლობები, ახალი კონსტრუქციები და იმაზე ფიქრი, თუ „რა კარგია ქალაქი როგორ იზრდება, იცვლება“… რა თქმა უნდა, ცვლილება კარგია, განვითარებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა ქალაქის ცვლილებაზე და განვითარებაზეა საუბარი, აქ ისმის მთავარი კითხვა რამდენად მდგრადია ეს განვითარება?!

გაეროს მიერ აღიარებული „მდგრადი განვითარება“ ქალაქების ისეთი მოდელის შექმნას გულისხმობს, რომელიც ახლანდელი თაობის ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს ისეთნაირად დააკმაყოფილებს, რომ ამის შედეგად არ მოხდება მომავალი თაობების მოთხოვნილებების იგნორირება.

მდგრადობა ქალაქგანვითარებაში ასევე აღნიშნავს მიდგომას, რომლის უმთავრესი ამოსავალი  წერტილი ადამიანია და თითოეული მოქალაქისა და სტუმრისთვის თანაბრად უსაფრთხო, კომფორტული გარემოს, ღირსეული საცხოვრისის და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

ადგილობრივი თვითმართველობის მთავარ ამოცანას, ორგანული კანონის მიხედვით, სწორედ რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ მოთხოვნილებაზე ზრუნვას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს, ღირსეული საცხოვრისის შექმნას წარმოადგენს.

წარმოუდგენელია ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ისეთ გარემოში, როდესაც არც რეალური თვითმმართველობა გაგვაჩნია და არც ადგილზე იმის ფინანსური ფუფუნება, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეგვისრულოს ვინმემ. თუმცა იმის უფლება ნამდვილად გვაქვს, რომ ნებისმიერ საჯარო მოხელეს მოვთხოვოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, იმის დაცვა და შენარჩუნება, რაც ჩვენს ქალაქს განსაკუთრებულს ხდის და ამავე დროს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მაშინ, როდესაც არასტაბილურობის განცდა იმდენად ყველა ნაბიჯზეა, რომ ქალაქის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, გარანტიები ნამდვილად გვჭირდება. სწორედ, რომ გარანტიის ერთგვარი ფორმაა ისეთი სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვისა და დოკუმენტის არსებობა, რაც იქნება ყოველდღიური გამოყენებისა და მნიშვნელობის გზამკვლევი ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში და ჩვენც, მოსახლეობას მოგვცემს იმის შესაძლებლობას, ვაკონტროლოთ ქალაქის განვითარების პროცესის სწორი მიმართულება.

ამ გარანტიას ემსახურებოდა 2019 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი დახარჯულიყო იმისთვის, რომ ქალაქ გორს ჰქონოდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება ისეთ ამბიციურ მიზნებს აერთიანებდა, როგორიცაა ბუნებრივი გარემოს და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა, ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ქალაქში ცხოვრების ხარისხის დონის ამაღლება, ქალაქის სამშენებლო განვითარების დაგეგმარება და ქალაქის მოსახლეობისათვის განვითარების თანაბარი პირობების შექმნა.

გორის გენგეგმაზე მუშაობა კონტრაქტორმა კომპანია “სითი ინსტიტუტმა” 2019 წელს დაასრულა. შესაბამისი დოკუმენტი ჩააბარა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც, თუმცა დოკუმენტი ამ დრომდე არ დამტკიცებულა. ამის მიზეზად სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება სახელდება, რომლის შესახებაც დასკვნა საჯაროდ ძალიან ადვილად იძებნება.

ამავე თემაზე: გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პერიოდში ჩატარებული შეხვედრების ოქმები

ამავე თემაზე: ქალაქ გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება

ამავე თემაზე: გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიშზე დასკვნა

შესაძლოა გორში ბევრ მოქალაქეს, არც იმის დრო აქვს და არც სურვილი დეტალურად გაეცნოს იმ კანონების სრულ ჩამონათვალს, სქელტანიან დოკუმენტებს, ნახაზებს, კვლევებს, რთულ ტერმინოლოგიას, სტრატეგიულ რეკომენდაციებს და იმ დანართებს, რაც მიწათსარგებლობის გენ. გეგმასთან მიმართებით არსებობს, მაგრამ მათ აქვთ უფლება იცოდნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამდენი თანხა რისთვის დაიხარჯა და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის ბოლომდე მიყვანა.

ამ საკითხის განხილვა ერთი მარტივი მაგალითის საშუალებით შეიძლება:

გორში, ყველას ძალიან მოგვწონს ახლად რეაბილიტირებული ბარნოვის ქუჩა და დიდი მოლოდინით ველოდებით იმ დაწყებული სამუშაობის დასრულებას, რომელიც ბულვარის ახალბაღის ტერიტორიამდე მიყვანას გულისხმობს.

თუმცა იქვე არის ძველი, ისტორიული ხიდი გორელებისთვის თავისი სენტიმენტებით. ხიდის შესასვლელთან დაწყებულია მშენებლობა (გაურკვევლი მიზნის მქონე შენობის) და მეორე მხარეს არის ავტოსამრეცხაო. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი თვითმართველობისთვის ორივე ობიექტი ბულვარის მშენებლობის პროცესში გამოწვევას წარმოადგენს, ნაკლებად მეგულება ვინმე, ვისაც მტკვრის ნაპირას სეირნობისას ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ორი ობიექტის არსებობა მოეწონოს… არადა ვერაფერს იზამ, კანონი ყველაფერს არეგულირებს. ორივე ობიექტზე თავის დროზე ნებართვაც „კანონიერად“ არის გაცემული, მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია და მესაკუთრებს ვერც მიედავები, რასაც უნდა იმას გააკეთებს და იმას ააშენებს.

ამ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე მართალია, სად ვეძებოთ დამნაშავე?!

ეს შემთხვევა მიმდინარე მიწათსარგებლობის გენ.გეგმის განხილვის კონტექსტში შესაძლოა დროში აცდენილი იყოს და ის ნებართვებიც მანამდე გაცემული, ვიდრე გეგმაზე მუშაობა დაიწყებოდა, მაგრამ ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ სჭირდება ქალაქს გარანტია და განვითრების გრძელავდიანი ხედვა, რომ მომავალში მსგავსი ქაოსური შემთხვევები თავიდან აირიდოს.

საქმის ბოლომდე მიყვანა, მარტო მოსახლეობის ინტერესებს არ წარმოადგენს.

დოკუმენტის არსებობა მუნიციპალიტეტისთვის არასასურელი და არამიზნობრივი სამშენებლო ნებართვების გაცემისგან კარგი თავდაცვის საშუალებასთან ერთად, ბიუჯეტის სწორად და პრიორიტეტულად დაგეგმვის კარგი შესაძლებლობაც იქნებოდა.

კომბინატსა და წმინდაწყალის დამაკავშირებელი ხიდი გვინდა? ჭალის და ვერხვების განვითარება? როგორი ახალი სოციალური ინფრასტრუქტურა სჭირდება ქალაქს, სად უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ველო ბილიკი? სად უნდა გაფართოვდეს რეკრეაციული ზონა, დაიტვირთოს ტურისტული ობიექტებით? როგორი განაშენიანებაა საჭირო? ან პირიქით ტერიტორიის საცხოვრებლად ათვისება? როგორ ავიცილოთ მდინარეებთან დაკაშირებული, დატბორვის რისკები?

ეს იმ მცირე კითხვების ჩამონათვალია, რომლებისთვისაც პასუხი კვალიფიციურ მიწათსარგებლობის გენ გეგმას უნდა გაეცა.

თუ ვეძებთ მდგრადობას ქალაქგანვითარებაში და ჩვენთვის უმთავრესი ამოსავალი  წერტილი თითოეული მოქალაქისა და სტუმრისთვის თანაბრად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს, ღირსეული საცხოვრისის შექმნაა, მაშინ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და თაროზე შემოდების ნაცვლად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჩვენი ქალაქის სწორი განვითარების გზამკვლევად ვაქციოთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.