ბლოგები

რა მეთოდებს ვიყენებ ბავშვებთან ინგლისური ენის სწავლებისას?

ავტორი: თინათინ მურანაშვილი

ჩემთვის მასწავლებლობა საამაყო და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მუდმივად ვფიქრობ, რა სიახლე შევიტანო ბავშვებთან სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისთვის. ამაში საგანმანათლებლო საიტები, რესურსების პორტალები და რა თქმა უნდა, კოლეგების გამოცდილება მეხმარება. ყოველთვის ვეცნობი პედაგოგების მიერ  გამოქვეყნებულ ბლოგებს  მეთოდოლოგიაზე,  ვიზიარებ მათ მიერ განხორციელებულ ისეთ აქტივობებს, რაც ხელს შემიწყობს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო საგაკვეთილო პროცესი.

ვთვლი, რომ კოლეგიალობა მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის ერთ-ერთი  აუცილებელი ფაქტორია. ამიტომ მეც სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს კოლეგებს გამოცდილებას, თუ რა მეთოდებს ვიყენებ ინგლისური ენის სწავლებისას.

გაკვეთილის დაგეგმვისას, ვითვალისწინებ მოსწავლეთა ასაკობრივ მახასიათებლებს, ინტერესებს და განწყობას. თითოეული მოსწავლე ხომ ინდივიდია და ცალკე სამყაროა. გაკვეთილს აუცილებლად ვიწყებ მოთელვით (გონებრივი იერიშით, სიტყვების ღრუბელით), სადაც მოსწავლეები კონცენტრირებულები არიან, ეს კი წინაპირობაა მოსწავლის ინტერესის გასაღვივებლად და შესანარჩუნებლად.

კარგად დაგეგმილი გაკვეთილი, ეფექტურად შერჩეული თამაშები და აქტივობები, მოქნილი საგაკვეთილო პროცესი არის კარგი შედეგის გარანტი.

მინდა გაგიზიაროთ კითხვის გასაუმჯობესებლად დამატებითი კითხვის საათის მნიშვნელობა – კლუბური მუშაობა:

კითხვა, გააზრება, გაგება და ანალიზი მნიშვნელოვანია ენის დაუფლებაში. კითხვა ერთ-ერთი მიმართულებაა რასაც მოსწავლე მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს. მოსწავლეები ვამუშაოთ, როგრც ჩუმი, ისე ხმამაღალი კითხვის ტექნიკაზე, რაც დაეხმარებათ წაკითხულის გაგებაში.   კითხვის გაუმჯობესებაში ასევე მოსწავლეებს ეხმარებათ აუდიოწიგნები,  მარკირების მეთოდი .

ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად კარგი საშუალებაა ახალი ფრაზების წიგნაკი, სადაც მოსწავლე თავს მოუყრის ყველა შესწავლილ ფრაზას და გამოიყენებს საუბარში. 

ინგლისურ ენოვანი ფილმების ყურება სიმღერების მოსმენა და მღერა არათუ ავითარებს, ენას არამედ ქმნის განწყობასაც. 

ლექსიკური მარაგის გამდიდრებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა  „დაკარგული სიტყვები“.  ეს ხელს უწყობს წაკითხული ტექსტის გააზრებას, ავითარებს  ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარს.  ამ აქტივობის დროს მასწავლებელი ტექსტში გამოტოვებს სიტყვებს და ისე ურიგებს მოსწავლეებს.  მოსწავლეებმა კი უნდა იპოვონ   და შეავსონ გამოტოვებული ტექსტი, ჩაწერონ დაკარგული სიტყვები.

რა აქტივობები მეხმარება  საგაკვეთილო პროცესის შინაარსიანად და საინტერესოდ წარმართვაში ?

  • სიმღერები შესანიშნავია ენის შესასწავლად, რიტმზე დაფუძნებულ სიტყვებს ბავშვები სწრაფად და ადვილად იმახსოვრებენ;
  • ნახატებთან მუშაობა (მოძებნე განსხვავებები);
  • ბურთის გამოყენება გაკვეთილზე, სახალისოა ბავშვებისათვის შესწავლილი სიტყვების შესამოწმებლად;
  • ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე ეფექტურია და საინტერესო მოსწავლეებისათვის;
  • როლური თამაშები მოსწონთ ბავშვებს, ისინი ხალისით ირგებენ მათთვის საყვარელი პერსონაჟის როლს და იწყება შემოქმედებითობა, ამ დროს უვითარდებათ მოსწავლეებს კრიტიკული და კრეატიული აზროვნება;
  • დისკუსია აქტუალურ თემებზე;
  • პროექტებით სწავლება (სარეკლამო რგოლის შექმნა, ინტერვიუ);
  • გუნდური თამაშები;
  • მოთხრობის დასასრულის საუკეთესო ვარიანტის გამოვლენა.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.