ბლოგები

რას ცვლის ჩვენს ცხოვრებაში ვარჯიში და სწორი კვება?

ავტორი: ინა ელიაშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი

მთელი ცხოვრებაა ვვარჯიშობ, მაგრამ ინტენსიურად ბოლო ხუთი წელია. ჩემთვის აქტიურობა ნიშნავს ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას, პოზიტივს და ცხოვრებას სტრესის გარეშე. სასურველი ფორმებისთვის ჯერ ისევ ვშრომობ, ეს ყოველდღიურ გარჯას მოითხოვს.

როცა ჩემთან მოდიან სავარჯიშოდ და რჩევების მიცემაა საჭირო, ვეუბნები, რომ ინტენსიურ ვარჯიშთან ერთად, აუცილებელია სწორი კვებაც, რაც დაბალანსებულ რაციონს გულისხმობს: დილით აუცილებელია საუზმე, შემდეგ ხილი და დღის მანძილზე კვება უნდა შედგებოდეს ნახშირწყლების, ცილების, ჯანსაღი ცხიმების და ბოსტნეულის ერთობლიობით.

თუ ამას გაითვალისწინებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასურველი ფორმების მიღება, მაგრამ ყველას პირადად ვუდგენ კვების რეჟიმს იმის მიხედვით, ვის რისი მიღწევა სურს.

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, კარდიო ვარჯიშები ძალიან სასარგებლოა წონის დაკლებისთვის და ჯანმრთელობისთვის. ინტენსიური ვარჯიში ხელს უწყობს წონის დაკლებას, გულის კუნთის გაძლიერებას, არტერიული წნევის ნორმალიზებას, ორგანიზმის გამძლეობის გაზრდას, იმუნური სისტემის გაძლიერებას.

მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც ვარჯიში ეზარება, რომ კარგავენ ბევრს, პირველ რიგში, ეს ჯანმრთელობა და სილამაზეა. მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარ თავს დაუთმოს ერთი საათი დღეში და დაკავდეს ფიტნესით, ცურვით ან ცეკვით. როგორც აღვნიშნე, ეს პირველ რიგში, ჯანმრთელობასა და განწყობაზე აისახება და შედეგად, ხდები უფრო თავდაჯერებული.

ჩემთან დადის ბევრი ადამიანი. უმეტესი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ. დიდი ნაწილი მუდმივად დადის ფიტნესზე, ნაწილი კი, სეზონურად აქტიურდება. მათ ვეტყვი, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია. თუმცა, რადგან გაზაფხულია და ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდებიან ქალები, მიმართავენ უშედეგო მონო დიეტებს, ვურჩევ, მოვიდნენ ჩვენთან და სწორი ვარჯიშითა და კვებით, თანდათანობით მიიღებენ სასურველ შედეგს. ეს განსაკუთრებით ოცდაათ წელს გადაცილებულ ადამიანებს ეხება.

როცა კარგ შედეგსა და ფორმებზე ვსაუბრობ, მაგალითად, საკუთარი თავი მომყავს. ძალისმიერი ვარჯიშები, რომელსაც ვაკეთებ, მაძლევს ლამაზ ფორმებს, შვებას, კანის ელასტიკურობას და რაც მთავარია, ნორმალიზებულ ძილს.

ვთვლი, რომ ჩემს ასაკში იდეალურად გამოვიყურები – ვარ ჯანმრთელი, ენერგიული, პოზიტიური. საბოლოოდ, ამ ყველაფერს ბედნიერება მოაქვს, რადგან უხვად გამოიყოფა მისი გამომწვევი ჰორმონი – ენდორფინი. ​

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.