სტატიები

გორში, პარკირების მოწესრიგებაზე პასუხისმგებელ პირთა სახელფასო ფონდი 100 000 ლარამდეა

გორში პარკირებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად, ცალკე განყოფილებაა შექმნილი, რომელიც ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს ექვემდებარება.

განყოფილებაში 12 ადამიანია დასაქმებული. მათგან 2 – შტატიანი, 10 კი შტატგარეშე თანამშრომელია. აქედან 2 სპეციალისტის, 1 კონსულტანტის, 7 კი ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობს.

განყოფილების თანამშრომელთა მიერ, ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს ცალკე 2 თანამშრომელი ჰყავა, რომელთა თვიური ანაზღაურება 715-715 ლარია.

“პარკირების განყოფილების სპეციალისტი ზედამხედველობას უწევს პარკირების განყოფილებაში დასაქმებულების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილ შესრულებას”, – განუმარტეს “მოზაიკას”.

თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებაზე ზრუნვა განყოფილების უფროსიც ფუნქციებშიც შედის, რომლის ანაზღაურება თვეში 1 430 ლარია.

“უფროსი კორდინაციას უწევს მის დაქვემდებარებულ განყოფილებაში სააგენტოს წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილ და განუხრელ შესრულებას, ზედამხედველობას უწევს მის სფეროში დასაქმებული პერსონალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილ შესრულებას, ხელს აწერს პარკირების  განყოფილების  კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას…”

როგორც “მოზაიკას” სააგენტოში უთხრეს, უშუალოდ ველზე მუშაობა და ქალაქის მასშტაბით, პარკირების წესების დამრღვევთა გამოვლენა ინპექტორების მოვალეობა, რომელთა თვიური ანაზღაურება 728 ლარია.

ჯამში, პარკირების მოსაწესრიგებლად შექმნილი განყოფილება თანამშრომელთა ხელფასებზე ყოველთვიურად დაახლოებით 8 000 ლარს ხარჯავს, რაც წლის განმავლობაში თითქმის 100 000 ლარია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.