სტატიები

რა კავშირი აქვს “გორი ინნ”-ს რუსეთთან, ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან?

რა კავშირი აქვს პირველ ხუთვარკვლავიან სასტუმროს გორში რუსეთთან, ბიძინა ივანიშვილთან და სახელმწიფო რესურსებთან  – ამ კითხვებზე პასუხები იმ ფაქტებშია, რომლებიც “მოზაიკამ” შეაგროვა. 

ვინ ააშენა სასტუმრო?

“გორი ინნ” ოფიციალურად 2023 წლის 6 თებერვალს გაიხსნა. ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ინნ ჯგუფმა” შპს “ვაკა ისტეიტსთან” ერთად ააშენა. Სწორედ ეს კომპანიაა, რომელმაც სასტუმროს ასაშენებლად გორის მერიისგან ნებართვა 2020 წელს მიიღო და რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქალეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილია. 

“ინნ ჯგუფთან” პარტნიორობით ააშენა “ვაკა ისტეიტსმა” სასტუმრო “გორი ინნ”. ინვესტიცია ორივე მათგანისგან განხორციელდა“, – განმარტა გიორგი წულუკიძემ, “ვაკა ისტეიტსის” დირექტორმა. 

კარიჭაშვილი ცნობილი ბიზნესმენია, რომელსაც აქვს პირდაპირი და ირიბი ბიზნეს-კავშირები რუსეთთან, “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან. 

კერძოდ, კარიჭაშვილი ფლობს კომპანიას სახელად – Melikishvili Inn, ბიზნეს პარტნიორთან უჩა მამაცაშვილთან ერთად, რომელსაც აქვს  რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა და რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

გარდა ამისა, კარიჭაშვილის დაფუძნებული კომპანიები წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნებას” და მის კანდიდატებს ფულს ურიცხავდნენ:

  • Bolero & Company — 120 000 ლარი;
  • Bolero & Company-ის გენერალური დირექტორი, ირაკლი ბექაური — 150 000 ლარი;
  • Bolero & Company-ის დირექტორი თორნიკე მახარაძე  — 15 000 ლარი;
  • შპს გრუზვინპრომის დირექტორი, მამუკა ფოთოლაშვილი  — 50 000 ლარი;
  • შპს კ და ქართული სპირტის დირექტორი გიორგი დამენია — 70 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ “Bolero & Company”-ია ის კომპანია, რომელმაც 2015 წელს სახელმწიფოსგან, მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის მქონე, შპს “გრუზვინპრომი” იყიდა,  31 105 000 ლარად.

Შედეგად, ახლა როგორც Bolero & Company-ს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, კომპანია წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან კომპანიები: შპს “გრუზვინპრომი”, შპს “კ და ქართული სპირტი”, შპს „უნივერსალ სპირიტსი“ და ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია.

“ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მოყვანილ ყურძნის ნახევარზე მეტს. “ბოლერო და კომპანი” და მასში შემავალი საწარმოო ჯგუფი სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე, რომელიც ორიენტირებულია მასიურ მომხმარებელზე”, – აღნიშნულია კომპანიის ვებ-გვერდზე.

ამავე საიტიდან ირკვევა, რომ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის არის რუსეთიც. მეტიც, გრუზვინპრომს საიტს რუსული ვერსიაც აქვს. როგორც ჩანს, კომპანია კახეთში მდებარე ქარხანასთან ერთად, რუსულ ფილიალსაც ფლობს, რადგან გრუზვინპრომის რუსულ ვებ.გვერდზე ორი მისამართია მითითებული — გურჯაანი და მოსკოვი.

რუსული წყაროების მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილი რუსეთში დაარსებული სამი კომპანიის (შპს აბსოლუტ-მ; შპს დინასტია; შპს ვინოდელოვ გრუზიი) დამფუძნებელია, თუმცა ოფიციალურად ახლა სამივე კომპანია ლიკვიდირებულია.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილს ნათესაური კავშირი ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც აქვს – ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის სიძეა. კარიჭაშვილის ბიზნეს-პარტნიორებს შორის რაზმაძის შვილი – ლერი რაზმაძეც არის, რომელიც თავის მხრივ “ქართული ოცნების” შემომწირველია. ლერი რაზმაძე არის კარიჭაშვილის ერთ-ერთი კომპანია “GVMT Group”-ს დირექტორი.

“კარიჭაშვილს უკვე ბერვი პროექტი აქვს გორის მასშტავით და ის ერთ-ერთი ცნობილი მილიონერია, რომელიც დაახლოებული არის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან, კერძოდ ბიძინას დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორია. მის ფლობელობაშია საქართველოში ბევრი ბიზნესი, მათ შორის გორში ის ფლობს რამდენიმე რესტორანს,  ბენზინგასამართ სადგურს, სავაჭრო ცენტრს და სულ ბოლოს მიმდინარე პროექტი, რომელიც “გორი ინის” სახით მივიღეთ”, – ლექსო ვალიაური.

ვისი ფინანსები ჩაიდო სასტუმროს აშენებაში?

გორი ინნ” სახელმწიფოს პროგამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. კერძოდ კი,  „აწარმოე საქართველოს“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობს. 

“„ხელშეკრულება 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა შპს ვაკა ისტეიტსთან, რომლის ბრენდული სახელი არის გორი ინნი. სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს ფიქსირებულ 11%-ს 3 წლის მანძილზე“, – განმარტავს ანი მაჭავარიანი, “აწარმოე საქართველოს” წარმომადგენელი. 

Შედეგად, „აწარმოე საქართველოს“ თანადგომით შექმნილ სასტუმროში, რომელშიც 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, დაახლოებით 100 ადამიანი დასაქმდა. 

სასტუმროს საზეიმოდ გახსნას “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელობასთან ერთად, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათთან ერთად, გახსნის ცერემონიას თავად ვახტანგ კარიჭაშვილიც ესწრებოდა.

Ბიზნესმენების ნაწილი ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამები ხელისუფლების მხარდამჭერი ან მათთან დაკავშირებული პირების გაძლიერებისთვის არის შექმნილი. ერთ-ერთი, ვინც ამაზე აქტიურად საუბრობს, ადგილობრივი რესტორნის და სოციალური საწარმოს მფლობელი სოსო ბაბაევია. 

“სოციალური საწარმო მაქვს გორში. სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მზარეულის პროფესიის დაუფლების საშუალებას ვაძლევ. ნაცვლად დახმარებისა, ხელისუფლება ხელს მიშლის, რადგან არ ვარ მათი მხარდამჭერი. როდესაც ახალი შემოსული იყო დაფინანსების პროგრამები, ვცადე სარგებლობა. კონსულტაციაზეც კი ვიყავი, მაგრამ ისეთი პირობები ჰქონდათ, პირდაპირ მითხრეს, შანსი არ გაქვსო”. 

რამდენი იხარჯება მიმდებარე ტერიტორიის მოწყობისთვის გორის ბიუჯეტიდან?

“გორი ინნ”-ის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს. 

კერძოდ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან პარკ ახალბაღის ტერიტორიამდე, რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის. 3 651 650-ლარიანი ხელშეკრულება გორის მერიამ შპს “ირლანთან” გააფორმა.

გორის მერია არ მალავს, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა სასტუმრო “გორი ინის” მიმდებარე ტერიტორიაზე სამომავლოდაც გაგრძელდება.

“მერია ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობას გეგმავს. საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც”, – აღნიშნულ ინფორმაციას მერია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სასტუმროს მიმდებარედ, 4 კორპუსის ფასადურ რეაბილიტაციასაც აპირებს, რაც საცხოვრებელი ბინების იერ-სახის შელამაზებას გულისხმობს. 

კორპუსების ფასადების ვიზუალის შეცვლის საპროექტო მომსახურების მისაღებად, ტენდერის გზით, შპს “პროექტი 17” შეარჩია, რომელსაც 18 000 ლარი გადაუხადა. Ასევე ცნობილია, რომ ამ შპს-ს მიერ შედგენილი პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან საშუალოდ 800 000 ლარი დაიხარჯება. 

“სასტუმრო რომ აშენდა, ცხადია, ამას მივესალმებით. ქალაქის იერსახე რომ გალამაზდა, ესეც კარგია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს გადანაწილებული თანაბრად და არა ერთ კონკრეტულ ქუჩაზე. ამ ქუჩის გალამაზება და მოწესრიგება კონკრეტული ადამიანის ბიზნესის აყვავებას ემსახურება. უალამაზებენ და უწყობენ ჩვენი ფულით მიმდებარე ტერიტორიას”, – ამბობს ენმ-ის წევრი, ნანა ლოთიშვილი. 

ავარიული შენობების, გზების, ლიფტების ფონზე, ადგილობრივივი ხელისუფლების პრიორიტეტების ამგავარად განაწილება საზოგადოების ერთი ნაწილსთვის მიუღებელია. 

“ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი და ადამიანებს ელემენტარული საჭიროებები არ აქვთ დაკმაყოფილებული. მათ შორის არის ავარიული საბავშვო ბაღები, ავარიული გზები, მოშლილი ლიფტები, გადახდილი სახურავები, ძალიან ბევრი რამ, რისი მოგვაფების კომპეტენციაც ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა თუმცა, ამ ფონზე მთავროვასთან დაახლოებული ბიზნესმენები ახერხებენ გავლენების მთავრობის წარმომადგენლებზე  და ინფრატსრუქტურული სამუშობის მათი საჭიროებისამებრ დაგეგმვას”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ლექსო ვალიაური.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას, მალევე მოჰყვა “ახალ ბაღის” რეაბილიტაციის დაწყებაც, რომელიც სასტუმროს ესაზღვრება. Საკრებულოს ყოფილი წევრი, რომლის დროსაც სასტუმროს ტერიტორიის გასხვისება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და ახალბაღის რეაბილიტაცია გადაწყდა, ამბობს, რომ ყველაფერი ერთი კონკრეტული ჯგუფის ბიზნესინტერესებს ემსახურება. 

“მილიონობით ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმოარიცხინეს ვითომ ახალბაღის რეაბილიტაციისთვის. მტკვრის სანაპიროც ეწყობა და კოლოსალური თანხა იხარჯება.  გამოდის, რომ სასტუმროს გარშემო ტერიტორიის მოპირკეთება ბიუჯეტის ფულით ხდება. საკუთარ ბიზნესებს ხალხის ფულით იწყობენ და ეს ფაქტია”, – აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.

ოპოზიციის და მოქალაქეების შეფასებებს, ვახტანგ კარიჭაშვილის სიმამრი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე სისულელეს უწოდებს. 

„სრული სისულელეა, ეგ არის იაფფასიანი ნარატივი, რომელიც მოსალოდნელი იყო მათგან, ვინც ეს თქვა. კიი არსებობს სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგალითად, გორის სოციალური საცხოვრისის პრობლემა, რომელზეც ზუსტად ვიცი რომ ახლო მომავალში მოგვარდება, ამასთან ერთად, ქალაქის იერსახეზე ზრუნვაც აუცილებელია და ამასთან არაფერ კავშირში არ არის “გორი ინნი“, – აცხადებს დავით რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კარიჭაშვილი გორში სხვადასხვა უძრავ ქონებას ფლობს. მის საკუთრებაშია სამეფო ქუჩაზე არსებულ ყოფილი კინოთეატრის შენობაც, სადაც არსებული ინფორმაციით, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი შენდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.