სტატიები

თანაგუნდელობიდან “ტურებად” მოხსენიებამდე – დაპირისპირება ენმ-ს წევრებს შორის

“კასპის საკრებულოში ტურები ყმუიან ყველაფერი დაკარგეს 4 სკამის და ხელფასის გამო. პასუხი იქნება შესაბამისი”, – ეს სიტყვები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, ბადრი ბასიშვილს ეკუთვნის, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კასპის ორგანიზაციაში და საკრებულოში მისსავე თანაგუნდელებს ეხებოდა. 

რა მოხდა კასპში და რა ცლილებები განხორციელდა ენმ -ს ფრაქციაში, რის გამოც  აღნიშნული პოსტი დაიწერა, “მოზაიკა”  ბადრი ბასიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

მის პოსტს კასპის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, გიორგი შარიფაშვილი გამოეხმაურა.

“როდესაც ხარ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და შენ კოლეგებზე ამბობ, რომ “ტურები ყმუიან”, რა გამოდის ტურების ხელმძღვანელი თვითონ არის და ყველაზე დიდი ტურა ეგ ყოფილა”, – ამბობს შარიფაშვილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, კასპის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ენმ -ს წევრებით დაკომპლექტებული ფრაქციის თავმჯდომარე გადააყენეს, თუმცა აღნიშნულს ცრუ ინფორმაცია უწოდა  შარიფაშვილმა.

“შეცდომაში შეიყვანეს ჟურნალისტები, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განხილული იყო რიგითი საკითხები. ფრაქციის თავმჯომარის გადაყენება და მსგავსი საკითხები საკრებულოს დღის წესრიგში ვერ გაიწერება, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება”,– განმარტავს გიორგი შარიფაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ შარიფაშვილი და მისი თანამოაზრეები პარტიის შიდა არჩევნების დროს მხარს ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერდნენ. მაშინ კასპი  შიდა ქართლში ერთადერთი მუნიციპალიტეტი იყო, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დროს აზრი ორად გაიყო

“ეს ჩვენ დიდი ხანია გავაკეთეთ, ჩვენი შიდა სამზარეულოა, წესდება გვაქვს, კანონი არ გვიკრძალავს, იმას რომ ფრაქციის უმრავლესობით, ჩვენ შევცვლით თუ არ შევცვლით თავმჯდომარეს. ხუთი – ექვსი თვის წინ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, რომ ჩვენი თავმჯდომარე არ იყო აქტიური, რომელიც ფრაქციის ხელმძღვანელობას ვერ ართმევდა თავს. მასთანაც შეთანხმებულები ვიყავით და კარგად იცოდა, რომ ეს პოსტი უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ამას მოჰყვა პარტიის შიდა არჩევნები და ჩვენ თავი შევიკავეთ, როგორც კი დასრულდა საარჩევნო კამპანია, განვახორციელეთ ეს ცვილილები და ეს დღეს კი არა, დაახლოებით ერთი კვირაა სამართლებრივად, პირადად მე მოვაგვარე იურიდიულ კომისიაში”, – ამბობს შარიფაშვილი. 

ინფორმაციისთვის, კასპიის საკრებულოში ენმ-ს ფრაქცია 8 წევრით არის დაკომპლექტებული, საიდანაც თავმჯდომარის შეცვლის გადაწყევტილებას მხარი 6 -მა წევრმა დაუჭირა. ახალ თავმჯდომარედ ფრაქციაში ალექსანდრე შაქარაშვილი აირჩიეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.