სტატიები

“სასწრაფო ვერ ამოვიდა” – სად და რა პრობლემები შექმნა დიდთოვლობამ ხაშურში?  

“სკოლაში ვერ გავუშვით ბავშვები, სამსახურებში ვერ წავედით, ადამიანი ცუდად გახდა და სასწრაფო ვერ ამოვიდა”, – აბობენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც  დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერეს. 

ერთ-ერთი სოფელი, სადაც დიდთთოვლობამ პრობლემები შექნმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიშხეთია. 

“ყელამდე თოვლიააა, სამსახურში ვერ მივდივარ. რომ გავიდე, არც კი გამოვჩნდები იმხელა თოვლიაა, მხოლოდ ქვიშხეთის გზას რომ კვალავენ, უფრო ზემოთაც ცხოვრობს ხალხი. საშინელება ხდება უბრალოდ. ასეთი უპატრონო სოფელ არ არსებობს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ანა გელაშვილი. 


ქვიშხეთში მაცხოვრებლების სიტყვებით, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან და სოფელში ასვლას ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ახერხებს.

“ბავშვები სკოლაში ვერ დადიან და ადამიანი რო, კვდებოდეს სასწრაფო ვერ მოდის”. 


“ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფოც კი ვერ ამოვიდა. მაშველები დაჭირდათ”.

ქვიშხეთის გარდა, გადადგილების პრობლემები მოქალაქეებს სხვა სოფლებშიც შეექმნათ. 

“ტაშისკარში წყარომდე რომ გაწმინდეთ გუშინ გზა, წყაროს იქით მოსახლეობა არაა? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე, მარიამ ქიმერიძე. 


“სკოლის მარშუტკა ვერ მოძრაობს, ნახევარი საათი ბავშვებით სავსე ბუქსაობდა ტაშისკარში, ამაზე აუცილებელი არის რამე? მოვიდა ტრაქტორი იმ დღეს, გაწმინდა და აღმართზე ვერ ავიდა, გაბრუნდა უკან, ხალხს ნაცარს ნუ აყრით თვალებში, სკოლას მაინც გაუწმინდეთ გზა”, – წერს ნათია ნადირაძე. 

მოსახლოების პასუხად ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ატარებენ. უწყების ცნობით, პირველ რიგში ცენტრალური ქუჩების გაწმენდა მიმდინარეობს. 

“პირველ რიგში, გაიწმინდა ის ტერიტორია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, გრძელდება გზების წმენდის სამუშაოები და მაქსიმალურად ეცდებიან, ყველა საჭირო ტერიტორია გაწმინდონ”, – აცხადებენ უწყებაში. 

ხაშურის მერიის ცნობით, გზების გაწმენდით სამუშაოებს (ა)იპ „ხაშურსერვისი“ ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, ჯერ ქალაქის გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება, პარალელურად კი სოფლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა ხდება. 

“თოვლის საფარის გამო, შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მუნიციპალიტეტი ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას შეფერხებების დროულად აღმოსაფხვრელად. გზების გაწმენდის სამუშაოები გაგრძელდება და თოვლმწმენდი ტექნიკა დღის განმავლობაში, ყველა საჭირო ადგილზე იქნება მობილიზებული”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.