ბლოგები

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა?

ავტორი: ხათუნა ჩიტაძე, მასწავლებელი

ათასჯერ მაინც მოგვისმენია, რომ დრო შეიცვალა და შეიცვალა ღირებულებებიც, ეს გამოთქმა, რა თქმა უნდა, რეალობაა, თუმცა მოზარდისათვის, მათი გონებრივი განვითარებისათვის შეუცვლელია წიგნი, რომელთან მიახლება დღეს, რატომღაც უჭირთ ბავშვებს.

არც იმას დავეთანხმები სრულად, რომ კომპიუტერმა, ტელეფონმა და ტელევიზორმა ისინი ჩაანაცვლა. ვფიქრობ საკითხს ცოტა მეტად ღრმად უნდა შევყვეთ და ბავშვს წიგნი უფრო მეტად შევაყვაროთ.

ხშირად ისმის კითხვა: როგორ?

ვაღიარით, რომ მშობლებიც არანაკლებ დროს ვუთმობთ ტექნიკას, ხშირად ბავშვის, ასე ვთქვათ ,,გაჩერების” მიზნით, თავად შეგვიჩეჩებია ხელში ტელეტონი ან კომპიუტერი. არ ვაცნობიერებთ იმას, რომ მიჯაჭვულობა უფრო მეტად იზრდება და დროის სიმცირის გამო, თუ, ან კიდევ, ცხოვრების მართლაც სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ბავშვს ვერ ვუჯდებით გვერდით, ვერ ვუკითხავთ ლიტერატურას და ვერ ვაინტერესებთ წიგნით.

მაშ, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ შევაყვაროთ კითხვა?

წიგნი ბავშვისათვის, პირველ რიგში, სასურველი უნდა გახდეს დანახვისთანავე. ეს, რა თქმა უნდა, ილუსტრაციის დამსახურება უნდა იყოს. მშობელმა და პედაგოგმა ფრთხილად, ბავშვისთვის საინტერესო თემატიკით უნდა უზრუნველყოს მათი ყურადღება.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი სურვილებიდან და ფანტაზიებიდან წამოსული თემები, რათა თავიანთი თავიც ამოიკითხონ.

თუ ბავშვს უჭირს წიგნთან მიახლოება, მშობელმა აუცილებლად მასთან ერთად უნდა დაიწყოს კითხვა, ნელა, საინტერესოდ.

ბავშვს წიგნი ნაბიჯ-ნაბიჯ რომ შევაყვაროთ, ამისათვის უფროსის დახმარება აუცილებელია. ყოველდღიურად უნდა გამოვყოთ თუნდაც მცირე დრო, რომელიც დაეთმობა წიგნის კითხვას. რაღაც პერიოდის შემდეგ კითხვა ბავშვს ჩვევად ექცევა, ეს კი ცოტა ხანში მოთხოვნილებად გადაექცევა მას და თუ ერთი შეიყვარა, ის კარგი მკითხველი იქნება მთელი ცხოვრება.

ხშირად უნდა შევიყვანოთ წიგნის მაღაზიაში, დავათვალიერებინოთ და თავად შევარჩევინოთ ლიტერატურა, რათა იყვნენ დამოუკიდებლები.

სასურველია, ხშირად ვუყიდოთ თუნდაც პატარა წიგნი, საბავშვო ჟურნალი, ეს მათ ინტერესს უფრო გაუღვივებს და პატარა სიურპრიზებთან ერთად (დაპირდით, რომ როცა ამ წიგნს დაასრულებენ, საჩუქარს უყიდით, ან მისთვის სასურველ ადგილზე წაიყვანთ და სხვ.) სულ ექნება სურვილი, მეორედ როდის წაიყვანთ წიგნის შესაძენად.

ხშირად თავად უნდა გქონდეთ შინაარსი წაკითხული, რათა საინტერესოდ მოუყვეთ მცირე მონაკვეთი და შემდეგ სთხოვოთ, რომ თავად წაიკითხოს და გაიგოს, თუ როგორ დასრულდა ესა თუ ის ამბავი.

მეთოდი უამრავია, მთავარია, მშობლის მეტი ჩართულობა, რადგან წიგნის სურნელი და მასთან შეხება, ჩემი აზრით, მეტად კეთილშობილს, ნასწავლს და გაწონასწირებულს ხდის ადამიანს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.