ბლოგები

“როცა ბავშვი ხელის გაწვდენას ისწავლის, უნდა მივაწოდოთ წიგნი და არა – ტელეფონი”

ავტორი: ნანა კარკაძე, გორის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი

ბავშვი წიგნთან ურთიერთობას ადრეული ასაკიდან უნდა შევაჩვიოთ. ამ ჩვევის ჩამოყალიბებაში ლომის წილი ოჯახს მიუძღვის. ეს მშობლებმა უნდა შეუძინონ ლამაზად, ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნები ბავშვებს და მაშინვე ხელში მიაწოდონ პატარას. როცა ის ხელის გაწვდენას ისწავლის, ეს უნდა იყოს წიგნი და არა ტელეფონი ან პლანშეტი. მთავარია, ბავშვი იზრდებოდეს წიგნების გარემოცვაში. მე ვთვლი, რომ საუკეთესო საჩუქარი ყველა ასაკის ბავშვისთვის არის წიგნი.

ახლა, როცა გვაქვს წიგნები პატარებისთვის, უნდა შევაჩვიოთ პატარა ლექსებს და ზღაპრებს. ვარ რვა შვილიშვილის ბებია და ყოველთვის ვცდილობ ლექსებითა თუ ზღაპრებით ვეკონტაქტო პატარებს.

გარდა იმისა, რომ ბავშვის ყური ეჩვევა ლიტერატურულ ენას, ეს საუკეთესო საშუალებაა მეტყველების სწორად ჩამოსაყალიბებლად. მთავარია, ბავშვს შევუქმნათ გარემო, სადაც დაინახავს, რომ ოჯახში პრიორიტეტი არის წიგნები და ოჯახის ღირებულებათა ნუსხაში მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მაშინ, როდესაც დედა და მამა ხშირად კითხულობენ, ბავშვისთვის წიგნის კითხვა სასიამოვნო და მისაბაძი ხდება.

ბავშობიდან  ერთი კარგი მოგონება შემომრჩა და ახლაც თვალწინ მიდგას: დედა სამზარეულოში რაღაც საქმეს აკეთებდა, მამას კი ხელში ეჭირა ჰიუგოს “საბრალონი“ და ხმამაღლა უკითხავდა დედას. ეს მოგონება ჩემს ცხოვრებაში  ერთ-ერთი საუკეთესოა. ამას სრული გულწრფელობით გეუბნებით და მგონია, შვილებმა ხშირად უნდა ნახონ მშობლები წიგნით ხელში, რათა მათაც გაუჩნდეთ წაკითხვის სურვილი.

აუცილებელია, გამოვყოთ გარკვეული დრო, სულ რაღაც 10-15 წუთი წიგნის წასაკითხად. ეს მშობლებისა და ბაღის მასწავლებლების საყურადღებოდ. შემდეგ აუცილებლად უნდა ვესაუბროთ ბავშვს წაკითხულის შესახებ. რა მოეწონა, რა არ მოეწონა, რას დაამატებდა. ვესაუბროთ ავტორზე, ასე გავაცნოთ ცნობილი მწერლები, მათი საინტერესო ბიოგრაფიები. ეს  გაუჩენს ბავშვს სურვილს ამ მწერლის სხვა ნაწარმოებებიც წაიკითხოს. დავიწყოთ კითხვა ჩვენ და დაამთავროს ბავშვმა და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს შექება, რომელიც მაგიურად მოქმედებს, როგორც პატარაზე, ასევე უფროსზეც.

წავიყვანოთ ბავშვები ბიბლიოთეკაში, მივცეთ მათ საშუალება თვითონ  აირჩიონ წიგნები და თუ ეს უჭირს, სწორედ აქ უნდა ჩაერიოს ბიბლიოთეკარი სწორი სარჩევით. თავიდანვე კლასიკურ ლიტერატურას არ ვთავაზობთ, თუ ოჯახიდან ან სკოლიდან კარგად ჩამოყალიბებული მკითხველი არ მოდის. იმისათვის, რომ კლასიკური ლიტერატურა იკითხოს მკითხველმა, ამ კონდიციამდე მისაყვანად, საჭიროა, მოსამზადებელი ეტაპის გავლა.

თავიდან ვურჩევთ ისეთ წიგნებს,რომლებიც დღევანდელი ბავშვების სამყაროსთან უფრო ახლოს არის და ბავშვს კითხვისადმი დადებითად განაწყობს. ბავშვის წიგნთან დასაახლოვებლად კარგად მუშაობს წიგნი-ფილმი, წიგნი-სპექტაკლი ან პირიქით ფილმი-წიგნი, სპექტაკლი-წიგნი.

ზოგადად, მთავარია წაიკითხოს. მნიშვნელოვანია, რომ არ  დავაძალოთ კითხვა ბავშვს – ეს ნელ-ნელა უნდა გადაექცეს მოთხოვნილებად. თუ ჩვენ ბავშვისთვის წიგნის მიწოდების სწორ ფორმას გამოვნახავთ, მომავალში წიგნის კითხვის გამო, კონფლიქტი არასდროს შეგვექმნება.

დატოვეთ კომენტარი