ადამიანები ისტორიები

“ხიბლი” – თაფლი, ღვინო, ტყლაპი, ჩურჩხელა – ბიო პროდუქტი ატენიდან

ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი დანამატების გარეშე, – ასეთია კომპანიის “ხიბლი” მთავარი ხაზი, რომელსაც ატენელი ახალგაზრდები ნახევარი წელია აწარმოებენ. ქეთის, თამარსა და თორნიკეს საოჯახო ბიზნესი აქვთ.

“ღვინის მიმართულებაზე არის თორნიკე ხიბლიშვილი, თაფლის მიმართულებაზე ქეთი ბარჯაძე და ხილის გადამუშავების მიმართულებით მე ვარ, თამარ ხიბლიშვილი”, – გვითხრა თამარმა.

“ხიბლი” ატენში მისულ ვიზიტორსა და სტუმარს ადგილობრივ ნაწარმს სთავაზობს. თამარ ხიბლიშვილის თქმით, მათი საქმიანობით სურთ ხელი შეუწყონ ტურიზმის განვითარებას.

“გვაქვს ღვინო, თაფლი, ტყლაპი, ჩირი, ჩურჩხელა და ყველა ნაწარმი არის ეკოლოგიურად სუფთა, ბიო ნაწარმი. არ ვიყენებთ დანამატებს და რაც მთავარია, არის ადგილობრივი, ყველაფერი სოფელ ატენიდანაა. ხელს ვუწყობთ ასევე ტურისტულ განვითარებას და გვაქვს აგროტურიზმის მიმართულება”, – გვითხრა თამარმა.

თამარის თქმით, ატენში სტუმრობისას ტურისტებს შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ ბიო პროდუქტის წარმოების პროცესს, დააგემოვნონ და შეიძინონ.

“ტურისტს შეუძლია გვესტუმროს მაღაზიაში, გაეცნოს ღვინისა და თაფლის წარმოებას. ასე შეუძლიათ ნახონ საწარმო, სადაც ხდება ხილის გადამუშავება და შემდეგ ჩირის, ტყლაპისა და ჩურჩხელის დამზადება”, – ამბობს თამარი.

“ხიბლმა” ხილის გადამუშავების მიმართულებით “აწარმოე საქართველოს” კონკურსშიც გაიმარჯვა. ახალგაზრდები სამომავლოდ ბაზრის ათვისებას გორშიც აპირებენ.

“ეტაპობრივად მიმდინარეობს ღვინოზე და თაფლზე მუშაობა ფუტკრის სკების გამრავლებით. გვაქვს უკვე რამდენიმე შემოთავაზება, იხსნება მაღაზიები გორში, სადაც შემოგვთავაზეს, რომ მხოლოდ ჩვენი პროდუქცია შევა და ასევე გვაქვს რამდენიმე ინვესტორის შემოთავაზება”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.