ადამიანები ისტორიები

საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ცუგების საკვები იქნება – ხაშურში მამაო 50-მდე ძაღლს უვლის

“საახალწლოდ ცუგებისთვის საჩუქრად ვიღებ ყველანაირ საკვებს”, – ხაშურში მცხოვრები მამა სებასტიანე, რომელიც 50-მდე ძაღლს პატრონობს, საზოგადოებას შეფარებული ოთხფეხა მეგობრებისთვის საკვების შესაძენად დახმარებას სთხოვს.

მამა სებასტიანეს საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე იცნობს. 5 წელია, ის ძაღლებთან ერთად ცხოვრობს, რომლებიც ქუჩიდან აიყვანა. თითქმის სიკვდილის პირას მყოფი ცხოველებისთვის, ის მზრუნველ და ერთგულ პატრონად გადაიქცა.

“ყველა ძაღლი ადამიანების მიერ არის გამოყრილი სახლიდან. იყვანენ პატარა ლეკვებს, რომ იზრდებიან, აღარ უნდათ და უშვებენ. ძაღლი ჩვეულებრივად ოჯახის წევრია და არ შეიძლება ასე მოქცევა, გარეთ ავადდებიან, ხან მანქანა ეჯახებათ და ცუდად მთავრდება მათი სიცოცხლე. ეს კი არ ჯდება არც ადამიანობაში, არც მართლმადიდებლობაში”, – ამბობს მამაო.

მამა სებასტიანეს თავშესაფარში ყველა ძაღლს თავისი ისტორია აქვს. ამბობს, რომ ძირითადად, იმ ძაღლებს იფარებს, რომლებიც სხვადასხვა სნეულებებით არიან დაავადებულნი.

“ამ უფეხებო ძაღლს მატარებელმა მოაჭრა ფეხები, დამირეკეს და ლიანდაგებიდან მოვიყვანე. ახლა ის დამხმარე ეტლით გადაადგილდება. პოინტერი ნატახტარის ტრასიდან წამოვიყვანე , ძალიან დაუძლურებული იყო. ვიფარებ დაავადებულ, დაუძლურებულ ძაღლებს, რომელებსაც ქუჩაში საფრთხე ემუქრებათ”, – გვიყვება ის.

გარდა თავშესაფარში მცხოვრები ცხოველებისა, მამაო დროდადრო  ხაშურის ქუჩებში მყოფ ძაღლებსაც აპურებს. მის სოციალურ ქსელში მრავლადაა ფაქტის ამსახველი ვიდეოები.

“ბავშვობიდან მყავდა ძაღლები, მერე უკვე მონასტერშიც რომ ვიყავი იქაც. ხუთი წელია, რაც ვიფარებ მასიურად ავადმყოფ ძაღლებს, ჩემი ხარჯებითაც ვუვლი და ხალხიც მეხმარება”, – ამბობს მამა სებასტიანე.

მამა სებასტიანეს შინაური ცხოველების დასაპურებლად საკვები პერიოდულად სჭირდება. მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ანგარიშის ნომერზე:

  • თიბისი ბანკი: GE65TB7283145061100108
  • საქართველოს ბანკი: GE80BG0000000178129200
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.