სტატიები

განათებები და ცნობილი ბენდების კონცერტი – რა უჯდება ხაშურის მერიას ახალი წელი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლის შესახვედრად ემზადება. უწყებას საახალწლო განათებებისა და ახალი წლის ღამეს დაგეგმილი კონცერტისთვის თანხები უკვე გათვალისწინებული აქვს. გამოცხადებული აქვს შესაბამისი ტენდერებიც.

ხაშურის მერია გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს 31 დეკემბერს, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გაითვალისწინა. მომსახურების შესასყიდან ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურისა, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრმა გამოაცხადა.

ხაშურის მერია საახალწლო კონცერტისთვის 40 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

მომსახურება, რომელიც ტენდერით შერჩეულმა მიმწოდებელმა უნდა შესთავაზოს ხაშურს:

  • ბენდი (ღონისძიების წამყვანთან ერთად) – საქართველოს მასშტაბით ცნობილი პოპ-როკ ჟანრის ბენდის ჩამოყვანა, ბენდის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 5 წევრი (მათ შორის ბენდის ვოკალისტი უნდა იყოს მდედრობითი სქესის)  ბენდს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ქართულ მუსიკალურ ღონისძიებებში, ბენდს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 წლიანი აქტიური მოღვაწეობის გამოცდილება; მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა ცოცხალი შესრულებით;

  • ბენდმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 1,30 საათიანი პროგრამა. რეპერტუარში უნდა შედიოდეს კარგად ცნობილი, პოპულარული სიმღერები; ბენდის სოლისტი უნდა იყოს ქართული ცნობილი სატელევიზიო მუსიკალური პროექტის ფინალისტი ბენდის წევრმა უნდა უზრუნველყოს ახალი წლის ღონისძიების კონცერტის წაყვანა – კონცერტის წამყვანი უნდა იყოს მამრობითი სქესის, წამყვანს უნდა ქონდეს მსგავსი ღონისძიების წაყვანის გამოცდილება, კონცერტის წამყვანი უნდა იყოს კვალიფიციური, მხიარული და ენერგიული, ქართული ცნობილი ტელევიზიის ცნობადი სახე, ბენდს და კონცერტის წამყვანს უნდა ქონდეთ ერთობლივი მუსიკალური ნომრებიც. 

  • სოლისტი ბენდთან ერთად – საქართველოს მასშტაბით ცნობილი სოლისტის (მდედრობითი სქესი) ჩამოყვანა, ბენდთან ერთად, რომელსაც ექნება არანაკლებ 15 წლიანი აქტიური მოღვაწეობის გამოცდილება, ბენდის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ ოთხი მუსიკოსი (ბასი, რიტმ გიტარა, დრამი). სოლისტმა ბენდთან ერთად უნდა შეასრულოს ცნობილი სიმღერების ქავერები (ბლუზი , სოული , ფანქი , როკი , როკენროლი ,პოპი) არანაკლებ 50 წუთიანი მუსიკალური პროგრამა; ბენდის სოლისტს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ცნობილ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებში (მათ შორის: „ნუცას სკოლა“ „the voice” “იმედის ტალღა“);

  • მომღერალი – კონცერტში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 1 (ერთი) მდედრობითი სქესის მომღერალმა. მომღერალს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ადგილობრივ ან/და უცხოურ მუსიკალურ პროექტებში, მათ შორის უნდა იყოს ამჟამად ქართულ ტელესივრცეში ცნობილი მუსიკალური პროექტის მონაწილე. მომღერალს უნდა ქონდეს საკუთარ სიმღერაზე გადაღებული ანარანკლებ 1 მუსიკალური კლიპი, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ვიდეო პლატფორმა YOUTUBE-ზე; მომღერალმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 7 სიმღერა, რეპერტუარში უნდა შედიოდეს კარგად ცნობილი, პოპულარული და ასევე ახალი წლის თემატიკის სიმღერები. 

გარდა ჩამოთვლილი მოთხოვნებისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასევე კონცერტზე თოვლის ბაბუის მიყვანა და ღამის 12:00 საათზე საახალწლო მილოცვა, ლექსით „მრავალჟამიერის“ ფონზე. 

ხაშურის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული საახალწლო განათებებისთვისაც

  • 3D დეკორაციები – არკა ვარსკვლავით და ნაძვი ვარსკვლავით;
  • მანათობელი სათამაშოები – ბურთები,  „ჯონჯოლი“  ჩამოშვებით, მანათობელი ფარდა, მანათობელი მილები, სტრინგები, ნეონის ვარსკვლავები. 

აღნიშნული განათებებისთვის 81 000 ლარია გათვალისწინებული.

ხაშურის მერია 81 000 ლარის ღირებულების საახალწლო გაფორმებებს ყიდულობს

საერთო ჯამში, საახალწლო კონცერტისთვისა და განათებებისთვის ხაშურის მერია 120 000 ლარამდე დახარჯავს.

დატოვეთ კომენტარი