ადამიანები ისტორიები

მცენარე ადამიანის მაცოცხლებელია – 96 წლის კაცმა გორში 2-სართულიანი ბაღი გააშენა

ალექსანდრე ელიზბარაშვილმა საკუთარი სახლის ეზოში 2 სართულიანი ბაღი გააშენა. როგორც თავად ამბობს, მის „მწვანე სივრცეში“ 50-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს.

“ეს ყველაფერი ჩემი იდეა იყო და თავად შევქმენი ჩემს მეუღლესთან ერთად. როცა სურვილი გაქვს, ძნელი გადასალახი არაფერია. ამჟამად, ბაღში წიწვოვანი, ტროპიკული და სუბტროპიკული სულ ცოტა 50 მცენარე ხარობს”, – ამბობს ის.

ალექსანდრე გვიყვება, თუ რამხელა შრომა იმალება აყვავილებული მცენარეების მიღმა.

“რამდენადაც ლამაზია, იმდენად დიდი შრომა სჭირდება. რომ არ მორწყო, გახმება. ყოველ კვირას მოვლა და გასხვლა უნდა მცენარეებს. არის ისეთი შემთხვევები, როცა მცენარეებს მთელი ღამის განმავლობაში ვრწყავ და არ მძინავს”, – გვიყვება ალექსანდრე.

96 წლის მებაღე განმარტავს, რომ მცენარეები განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვენ.

“მცენარეებს მოვლა და ყურადღება სჭირდებათ ზუსტად ისე, როგორც ადამიანებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ცოცხალი არსებები არიან. ყოველთვის მახარებს მათთან ურთიერთობა, ისინი ადამიანის მაცოცხლებლები არიან და ხშირად ველაპარაკები ხოლმე“, – ამბობ მებაღე.

ალექსანდრე გვიყვება, რომ საყვარელი საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს და კიდევ გეგმავს ბაღში ახალი მცენარეების გახარებას

“ჩემს ბაღში უამრავი ადამიანი ყოფილა, უცხოელებიც ხშირად მოდიან და ფოტოებს იღებენ, ძალიან მოსწონთ აქაური გარემო. მართალია, ბაღში დაახლოებით 50 მცენარე ხარობს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს საკმარისი არ არის და არ ვაპირებ გაჩერებას. მინდა, რომ კიდევ გავალამაზო, კიდევ გავაუმჯობესო და უფრო მეტი მცენარე ვახარო ჩემს ბაღში“, – ამბობს ალექსანდრე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.