ადამიანები ისტორიები

ხატვა, წერა, ქვაზე კვეთა – გიორგი ეგნატაშვილის შემოქმედება სამსახურს მიღმა

ღამის სინათლე ფერების სხვა სახით შერჩევის საშუალებას მაძლევს – ამბობს გიორგი ეგნატაშვილი, რომელიც თვითნასწავლი მხატვარია. 

გიორგი რუისში ცხოვრობს და მერიის მიერ დაფუძნებული, კულტურისა და სახელოვნებო გაერთიანების უფროსად მუშაობს. სამსახურის მიღმა კი, როგორც “მოზაიკას” უთხრა, ხატავს, ქვაზე კვეთს და წერს ხატებს. 

“ფერწერის პარალელურად ვწერ ხატებს. ასევე ბავშვობიდან შევისწავლე ქვაზე ჩუქურთმების კვეთა. მიყვარს წერაც. ჩემი შთაგონების წყარო, როგორც ჩემს ნახატებში, ისე მოთხრობებსა და ზღაპრებში ჩემი შვილებია”. 

გიორგი იმ პერიოდს იხსენებს, როცა საკუთარ შვილებს ზღაპრებს და გამოცანებს უწერდა. ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმე იყო. 

“შვილებს  ვუწერდი ზღაპრებსა და გამოცანებს. იმდენად მოსწონდათ ეს ყველაფერი, რომ გადავწყვიტე სხვა პატარებისთვისაც გამეზიარებინა. მაქვს გამოცემული საკუთარი წიგნები, გასულ წელს დაიბეჭდა ჩემი საბავშვო გამოცანების წიგნი ,,დემმარი”. ბოლო ნამუშევარია საბავშო ზღაპარი “დედეს თავგადასავალი” რომელსაც მალე მაყურებელი საბავშვო სპექტაკლის სახით იხილავს”.

გიორგი უახლოეს მომავალში ლექსების კრებულის გამოცემას და საკუთარი ნახატების გამოფენის მოწყობას აპირებს. 

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების გარდა, ბავშვობაში, ის სპორტითაც იყო გატაცებული. 

“სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი დაკავებული კრივით. ვარ საქართველოს, საქალაქთაშორისო და სხვა და სხვა საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი”.

პროფესიით, გიორგი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მაგისტრია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი