ბლოგები

რას გვაძლევს არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს?

ავტორი: სალომე ნონიაშვილი

ვერავინ მოთვლის, რამდენჯერ მომისმენია ახალგაზრდებისგან, რომ დრო არ აქვთ, ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას, ზედმეტი თავის ტკივილია, როდესაც ვამბობ რომ მათი ჩართვა არაფორმალურ განათლებაში აუცილებელია.

სკოლის სოციუმიდან გამომდინარე, მათი აზრით, არაფორმალური განათლებაც რაიმე საშინაო დავალებას მოსთხოვს ან ამას ისე უყურებენ, როგორც მოსაწყენ რუტინას. არადა, აქ შენ თვითონ ირჩევ, რა გინდა გააკეთო; შენ საშუალება გეძლევა, შენი გატაცება საქმედ აქციო და სიამოვნება მიიღო. 

მათი განცდები ჩემთვის ნაცნობია, რადგან ერთ დროს მეც მათსავით ვფიქრობდი, მაგრამ ერთხელად გადავწყვიტე გამოვსულიყავი ამ კომფორტის ზონიდან, რადგან ვგრძნობდი, რომ უმოქმედოდ ყოფნა კარგს არაფერს მომიტანდა. 

შედეგად კი, სკოლის გარე აქტივობებმა და პროექტებმა ცნობისმოყვარეობის და ახლის შეცნობის განუსაზღვრელი სურვილი გამიღვივა, რამაც გამაცნო უამრავი შესანიშნავი ადამიანი, ვნახე ბევრი ადგილი და მივხვდი, მე სად მინდა ყოფნა. 

ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ისაა რომ დაძლიოთ სიახლის შიში და გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ერთი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ყველაფერი მარტივად დალაგდება. ჩემი გამოცდილება ამის მაგალითი მგონია. 

არაფორმალური განათლების მიღება 2 წლის წინ დავიწყე და მიმდინარე წელს უკვე ეკო-კლუბის სპიკერი გავხდი და გამიჩნდა შეგრძნება, რომ თავადაც შემიძლია ცვლილები გამოვიწვიო. ამ რწმენით ჩემს სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბიც ჩამოვაყალიბე და თანამოაზრეებთან ერთად,  არაფორმალური განათლების კულტურის დანერგვას ვცდილობ.

ამის პარალელურად, სხვადასხვა ორგანიზაციაში მოხალისე ვარ. ახლახანს გავხდი “კლიმატის ელჩი’’ და ორგანიზაციაში ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის’’ გარემოსდაცვითი კუთხით ვმუშაობ. “მოსწავლეთა განვითარების ჰაბში’’ მენეჯერი ვარ და შესაძლებლობას ვაძლევ უფრო ბევრ ახალგაზრდას განივითარონ ლიდერული და გუნდური უნარ-ჩვევები.

კასპელი ახალგაზრდები ჩვენს სათემო ორგანიზაციასთან ერთად ახალგაზრდული საკრებულოს შექმნაზე ვმუშაობთ და მერიის მხარდაჭერითაც ვსარგებლობთ.

ახალგაზრდების აქტიურობა უმნიშვნელოვანესია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენზე უკეთესად არავინ იცის, რა გვსურს და ამის გაკეთებისთვის ჩვენვე უნდა ვიბრძოლოთ.

დატოვეთ კომენტარი