ბლოგები

მხოლოდ საგნის სწავლებას უნდა ვემსახურებოდეთ? – ღია წერილი მასწავლებლებს

ავტორი: ნანა დაბრუნდაშვილი, მენტორი მასწავლებელი 

ძვირფასო მასწავლებლებო,

სწორედ სკოლაში უნდა სწავლობდეს მოსწავლე საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას და ამას უნდა ასწავლიდეს და მაგალითს აჩვენებდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებელი!

მოსწავლის მიერ არა მხოლოდ საგნობრივი საკითხების გაზუთხვას უნდა ემსახურებოდეს სკოლა, არამედ დღევანდელობის კონტექსტში უნდა იაზრებდეს ყველა ფაქტსა თუ მოვლენას და სწორედ ამ პროცესებს უნდა წარმართავდეს პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი მასწავლებელი.

ნამდვილად, დიდი პრობლემა გვაქვს განათლების სისტემაში, რადგან მასწავლებლებმა ტოლერანტობის განმარტებაც კი არ იციან – მიაჩნიათ, რომ მასწავლებელმა და მოსწავლემ მტერს და ოკუპანტს მტერი რომ უწოდოს, ეს მიუღებელია, ანუ ტოლერანტი არ არისო. ტოლერანტობა მტრის შემგუებლობას არ ნიშნავს, მაგას სხვა სახელი, კოლაბორანტობა, მტერთან თანამშრომლობა ჰქვია.

მოითხოვენ, რომ სკოლა ეკლესიას უნდა ემორჩილებოდეს და მღვდლები უნდა ატარებდნენ გაკვეთილებსო – აბა ამდენი ეკლესია ყოველ კუთხე კუნჭულში რისთვისაა წამოჭიმული, თუკი ნაბახუსევი მღვდელი უნიჭო თამადასავით სხვისგან გაგონილ-გაზეპირებული ფრაზებით მათემატიკის გაკვეთილზე უხსნის მოსწავლეებს, რომ თურმე მთავარი მოქმედება გაყოფა ყოფილა, თავიდანვე უნდა ჩააგონოს მოსწავლეებს, რომ პატარებმა შესაწირავის ყუთში საჭმელის საყიდლად წამოღებული ბოლო კაპიკებიც კი ჩაუყარონ.

სხვადასხვა საგანში მოსწავლეებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაკვეთილების ჩატარებას უგულებელჰყოფენ და ტოვებენ, რადგან ესა თუ ის საკითხი მოსწავლეებთან საჩოთირო სასაუბროდ ეჩვენებათ. არადა, სწორედ ეგ საკითხები აინტერესებთ და სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენს მოსწავლეებს, რომ თქვენგან გაიგონ და იცოდნენ და არა ქუჩაში ჩურჩულით, არასწორი ინტერპრეტაციებით მოისმინონ თანატოლებისაგან.

ჰგონიათ, რომ ცარიზმის დროინდელი და საბჭოური დასჯის მეთოდები, როგორიცაა სიმინდის მარცვლებზე მუხლებით დაყენება, მოსწავლეებს უფრო ბეჯითებს გახდის,

გინახავთ ნაცემი და დასჯილი მოსწავლის აკადემიური მოსწრება გაუმჯობესებულიყოს? კონტრპროდუქტიულია მოსწავლის დასჯა, აღარც ისწავლის და თქვენც შესძულდებით.

დასავლურ ღირებულებებს გაუაზრებლად, ხმალამოღებულნი ებრძვიან, სამაგიეროდ სამოგზაუროდ ან სამუშაოდ, შემოსავლის წყაროდ კი მოსწონთ თავის მიერ ათასგზის ნალანძღი, საკუთარ მოქალაქეებზე მზრუნველი დასავლეთი.

კიდევ ბევრი სხვა უბედურება ტრიალებს დღევანდელ სკოლაში და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მსგავს მოსაზრებებს უამრავი მოქმედი მასწავლებელი ეთანხმება და იზიარებს…

არადა, როგორ წარმოგიდგენიათ, მასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებენ, მტერს გუნდრუკს უკმევენ და მდუმარედ ეთანხმებიან ქვეყნის ოკუპაციას, ქვეყნისთვის სასარგებლო და სახელმწიფოს ინტერესების დამცველ მომავალ თაობას გაზრდიან?

ჩვენდა საუბედუროდ, არა და ვერა…

დატოვეთ კომენტარი