ადამიანები ისტორიები

მასწავლებელი არის ფსიქოლოგი, მსახიობი და მეგობარიც – ლალი ტერტერაშვილის ისტორია

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

ტყვიავის საჯარო სკოლის, ინგლისურის პედაგოგი ლალი ტერტერაშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. ის ამ სპეციალობით უკვე 19 წელია მუშაობს.

როდესაც დაანონსდა გამოცდები, დაუფიქრებლად ჩავერთე მარათონში და შედეგმაც არ დააყოვნა. გამოცდა პირველივე ცდაზე ჩავაბარე და გავხდი სერტიფიცირებული მასწავლებელი. ამ სტატუსმა და პირველმა გამარჯვებამ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა შემძინა, უფრო მიზანდასხული და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გავხდი. ახლა ვარ უფროსი მასწავლებელი და აუცილებლად გავაგრძელებ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას”, – გვითხრა ლალიმ.

მისი სიტყვებით, მასწავლებლობა საუკეთესო პროფესიაა, რომლის დროსაც საჭიროა იყო ფსიქოლოგიც, მსახიობიც და თინეიჯერული აზროვნება და მოქმედებაც მისაღები იყოს შენთვის.

დროთა განმავლობაში მოსწავლეების საუკეთესო მეგობარი გავხდი. ბავშვები ხვდებიან, რომ ჩემთან ნებისმიერი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა აქვთ. იციან, რომ ყველა აზრი მისაღები და გასათვალისწინებელია, ეს მათ ეხმარება თავისუფლად მოაზროვნე თანამედროვე ახალგაზრდებად ჩამოყალიბდნენ”.

სკოლაში 19-წლიანი მუშაობის მიუხედავად, ლალის დღემდე ახსოვს ის პირველი ემოციები, რომლებიც პირველად საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან შესვლისას დაეუფლა.

პირველად რომ კლასში შევედი, მახსოვს ბავშვების გაფართოებული და ინტერესით სავსე თვალები და სრული სიჩუმე. მივხვდი, რომ თითოეული მათგანი ჩემს შესწავლას ცდილობდა და ამიტომაც იყვნენ ასე წყნარად. მეც შევეცადე დაძაბულობა მომეხსნა და ბავშვებს ღიმილიანი სახით ვთხოვდ ერთმანეთს გავცნობოდით”.

აღსანიშნავია, რომ ლალისთვის მასწავლებლობა მეორე პროფესია. მანამდე მან ჟურნალისტიკა ისწავლა.

ჟურნალისტობა იყო ჩემი ოცნება და სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი კიდეც თსუ -ს სტუდენტი. 90-იან წლებში ცოტას თუ სჯეროდა, რომ აღნიშნულ ფაკულტეტზე მოხვედრას შევძლებდი, თუმცა იმდენად მონდომებული და მიზანდასხული ვიყავი, რომ მოვახერხე ჩემი ოცნებისკებ პირველი ნაბიჯების გადადგმა”.

მაშინ ლალის ორი შვილი ჰყავდა. ბავშვების მოვლის პარალელურად, ლალიმ სწავლა განაგრძო და ასე მივიდა საკუთარი ცხოვრების საყვარელ საქმესთან – ინგლისური ენის მასწავლებლობასთან.

“მიუხედავად იმისა, რომ დედა მასწავლებელი მყავდა და თანაც ჩემი პირველი მასწავლებელი, არასოდეს მხიბლავდა ეს პროფესია და არასოდეს მიფიქრია მასწავლებლობაზე, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 19 წელია, მასწავლებელი ვარ და რაც დრო გადის, უფრო მეტად მიყვარდება ეს საქმე”.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.