ადამიანები ისტორიები

სურამელი კაცი, რომელიც ჯაჭვის პერანგებს ქსოვს – ბონდო ჩადუნელის ამბავი

დანები, ხმლები შუბის პირები, სხვადასხვა საბრძოლო იარაღები, ჯაჭვის პერანგი, – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სურამში მცხოვრები ბონდო ჩადუნელის ოჯახში ინახება. ერთ ოთახში მოწყობილი სივრცე, სადაც უძველესი ნივთებია თავმოყრილი ერთი შეხედვით ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოგაგონებთ.ბონდო ჩადუნელმა უძველესი ნივთების შეგროვება წლების წინ დაიწყო.

მოყვარულ კოლექციონერს მეგობრებიც ეხმარებოდნენ და საქართველოს ყველა კუთხიდან მოჰქონდათ ანტიკვარული ნივთები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაზიანებული იყო და ბონდო მათ აღდგენას ახერხებდა.

“ბავშვობიდან მიყვარდა ჩხიკინი, რკინა, ტექნიკუმიც კი დავამთავრე ლითონის დამუშავებაზე. ბევრი ნივთი შევაგროვე, ზოგი დამეკარგა, ზოგი ვაჩუქე. ისე აღმოჩნდა, რომ მეუღლესაც უყვარდა ეს ძველი ნივთები და გადავწყვიტეთ ერთი ოთახი დაგვეთმო და ყველა ნივთი აქ მოგვეთავსებინა. აქ ნახავთ ძველებურ გუთნის სახნავს, ხმლის ჩასადებს, სამარხში აღმოჩენილ თოხს, “, – ამბობს ბონდო.

სახელოსნოში ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს.

“ეს საჩეჩელი ბებიის დროინდელია, ძალიან დიდიხნისაა და მეძვირფასება. ეს ბებოს მზითვია, მასაც თავისმა დედამ უსახსოვრა, ეს ნივთი სულ ცოტა 170 წლისაა. აქ მოდიან ხოლმე ექსკურსიები და მათ ვუხსნი რომელი ნივთი რისთვის გამოიყენება. ეს ჩვენი ისტორია და ის თუ საიდან მოვდივართ ყველამ უნდა იცოდეს. ეს მხოლოდ ჩემი საკუთრება არაა, ეს თქვენიცაა, ნივთები სწორედ რომ ჩვენს ისტორიას ჰყვებიან”, – გვიყვება ბონდო.

სახელდახელოდ მოწყობილ სახელოსნოში, 72 წლის ბონდო ჩადუნელი საკუთარი ხელით ჯაჭვის პერანგებს ქსოვს. საბრძოლო აღჭურვილობის დამზადება წიგნებიდან ისწავლა, ეცნობოდა სხვადასხვა ამბებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ლითონი ხელში მოათვინიერა, ათასობით რგოლი ერთმანეთზე გადააბა და პირველი საბრძოლო აღჭურვილობაც შექმნა.

“ბევრი ვიწვალე თითო რგოლის გადაბმაზე, 20-30 ათასობით პატარა რგოლები უნდა გადააბა. თითო აბჯარი 15 კილოგრამს იწონის. ბევრი მეუბნებობა ახლა მაგის ნერვები როგორ გაქვს, როდის მორჩებიო, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ მე უნდა შემექმნა და აგერ შედეგს ხედავთ. გაყიდვით არ გავყიდი, არც გამიყიდია, მაგრამ ისე მუზეუმს თ დასჭირდება მივცემ. ეს არ არის შემოსავლის წყარო, თორემ ერთ გამოფენაზე გავყიდი, ისეთი მოთხოვნაა”, – აღნიშნავს ბონდო.

ბონდო ახლა ხევსურულ ფარს ამზადებს, ამბობს რომ მის დამზადებას დიდი სიფრთხილე და სიზუსტე სჭირდება.

“ძველად მებრძოლებს გულთან ფარი ედოთ, რომ მტრისგან დაეცვათ თავი, ისარი თუ მოხვდებოდათ არაფერი დაზიანებოდათ. ხევსურული ფორმაც ამიტომაა შუაში გაჭრილი, რომ ეს ფარი ჩავიდეს”, – ამბობს ის.

ბონდოს სამომავლოდ სრული აბჯრის დაზმადებას გეგმავს, რომელსაც ეკლესიას შეწირავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.