სტატიები

სოფელი საოკუპაციო ხაზთან სკოლის, ბაღის, აფთიაქის, მოედნის და სკვერის გარეშე

ავტორი: დოდო კუთარაშვილი

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, მათთვის მნიშვნელოვან რესურსებსა და საჭიროებებზე ხელი არ მიუწვდებათ.

“რა გვაქვს, ეგ გვკითხეთ?!”, – გვეუბნება ასაკოვანი ქალი, რომელიც ქვემო ახალსოფელში ცხოვრობს.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ესაა სოფელი, სადაც არ არის საბავშვო ბაღი, სკოლა, სკვერი, სპორტული მოედანი და აფთიაქი.

“ზეღდულეთშია ბაღი და სკოლა, სულ ეგრე იყო და იქ დადიან ჩვენი ბავშვები. ეგ ახალი ამბავი არაა და ყველა მიეჩვია უკვე მაგას. მაგას ვინ ჩივის, რამე თავშეყრის ადგილი მაინც გააკეთონ”, – გვეუბნებიან სოფელში.

ახალსოფელში არც სკვერი და არც სპორტული მოედანია. მოზარდებს სათამაშოდაც მეზობელ სოფელში სიარული უწევთ, რაზეც ყველაზე მეტად მშობლები წუხან.

“სოფელში ბევრი პატარაა და ერთი გასართობი სივრცე არ აქვთ, რომ შეიკრიბონ და უსაფრთხოდ ითამაშონ. ვინც პატარები არიან გზის პირას თამაშობენ და ცოტა დიდები ზეღდულეთში დადიან, იქაა სტადიონი. ორივე შემთხვევაში ვნერვიულობთ უფროსები”, – გვიყვება მაყვალა კალანდაძე.

კიდევ უფრო მოხუცები კი ყველაზე მეტად აფთიაქის არ არსებობაზე ჩივიან. ამბობენ, რომ წამლის ყიდვას დამოუკიდებლად პრაქტიკულად ვერ ახერხებენ.

“აი, მე პირადად ეგ მიქმნის ძალიან დიდი პრობლემას. ჩემს ძმიშვილს გორიდან ამოაქვს ჩემთვის წამლები. რატომ უნდა მოჰქონდეს მას, როცა შემიძლია სოფელში ვიყოდო? ან იქნებ რამე დამჭირდეს უცებ?!” – წუხს ნორა კუთარაშვილი.

მას და მის თანასოფლელებს ნაკლებად აქვთ იმის მოლოდინი, რომ მათი საუბრით ვითარება გაუმჯობესდება, რადგან როგორც გვეუბნებიან, მათ მოთხოვნებს ხშირად ასე პასუხობენ:

“პატარა სოფელიაო, ცოტა ხალხი ცხოვრობს და მაგიტომ ვერ გაგიკეთებთ მაგ ყველაფერსო”.

2014 წლის მდგომარეობით, სოფელში 655 ადამიანი იყო რეგისტრირებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუდმივი მაცხოვრებლების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და ამის მიზეზი სოფელში არსებული რთული საცოვრებელი პირობებია.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები