ბლოგები

როგორ მოვიპოვე გრანტი და როგორ გავხსენი ჭედური ნაკეთობის სახელოსნო?

ავტორი: თამაზ მცურავიშვილი 

22 წლის ვარ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრანსპორტის და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. პროფესიული არჩევანი ბავშვობის გატაცებამ და წლების საქმიანობამ განაპირობა. უვე 8 წელია, რაც რკინაზე ვმუშაობ და ჭედურ ნაკეთობებს ვქმნი.

ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ მუშაობდა მამაჩემი რკინაზე და მაინტერესებდა, როგორ იყო შესაძლებელი რკინისგან სასურველი ფორმის და დიზაინის ნაკეთობის გაკეთება. რომ წამოვიზარდე, აქტიურად დავიწყე ამ საქმიანობის შესწავლა. კარგად გავითავისე ტექნოლოგიის დეტალები და სხვადასხვა ფორმის და დიზაინის თარგებიც შვქმენი.

პირველად  რკინის ვარდი გავაკეთე, კარგი გამოვიდა…  შემდეგ  რკინის ეკლესია, დეკორატიული ეზოს ფასადი, კარი, მოაჯირი, შანდალი  და  სხვა ნივთები.

ნელ-ნელა ჩემმა ნაკეთობებმა  ხალხისგან მოწონება დაიმსახურა. ახლა უკვე 150 – მდე დასახელების რკინის ნაკეთობას ვამზადებ. რკინის ნაკეთობებიც მეტად პოპულარული გახდა  საქართველოში. შეძენის მსურვალიც გამოჩნდა და ჩემი ნაკეთობების რეალიზება დავიწყე. იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და სხვა რეგიონებშიც.

ოჯახის დახმარებით, ჩემი სახელოსნო გავაკეთე. საწყის ეტაპზე სათანადო  ხელსაწყო -დანადგარები არ მქონდა. მიზნად დავისახე თავად მომეძიებინა თანხა მათ შესაძენად და შევძელი კიდეც. მონაწილეობა მივიღე სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის საგრანტო კონკურსში და გრანტის სახით 10 000 ლარი მივიღე. ამ თანხით შევიძინე ცხრა ახალი, თანამედროვე ტიპის დანადგარი, რამაც შესაძლებლობა მომცა უფრო ნაკლები ძალისხმევით ხარისხიანი ნამუშევრები დამემზადებინა და საწარმო გამეფართოვებინა.

ახლა ვცდილობ მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა ჩაერვთო ამ საქმეში. დაინტერესებულებისთვის ვაკეთებ მასტერკლასებს და ვასაქმებ კიდეც. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მომავალი  თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე დგას და ეს ბავშვობიდან უნდა გაითავისოს ყველამ. არ მეგულება ადამიანი, ვისაც რაიმეს კეთების უნარი არ ჰქონდეს. ამიტომ უნდა სცადოს ყველა ადამიანმა სხვადასხვა საქმე და მგონია, აუცილებლად იპოვის იმ საქმეს, რაც წარმატებას მოუტანს.

დატოვეთ კომენტარი