ბლოგები

როგორ გავხდი წარმატებული მზარეული?

ავტორი: ჯაბა ჭიღლაძე   

ჩემი წარმატება მაშინ დაიწყო, როცა სიტყვა  წარმატების  მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი. იმ დღეს, როდესაც ჩემი პირველი გაკეთებული კერძი დააგემოვნეს ჩემმა  ოჯახის წევრებმა და მომიწონეს.  იმ დღიდან დაიწყო ჩემი და კულინარიის მეგობრობა.

პროფესიაშიც ვცადე ჩემი შესაძლებლობების რეალიზება. უმაღლესი განათლება სხვა განხრით მივიღე, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი საქმე და ადგილი სხვაგან იყო და ეს  სამზარეულო იყო .

ეს გზა ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. თავი რომ დამემკვიდრებინა, რთული გზა გავიარე, რადგან ამ სფეროში კონკურენცია დიდია. ჩემ პირველ სამსახურში ჩემი კულინარიული შესაძლებლობები უყურადღებოდ არ დარჩენილა. სწორედ  ამის შემდეგ მივიღე მონაწილეობა  სატელევიზიო პროექტ ”მასტერ შეფში”, რომელმაც საინტერესო გამოცდილებასთან ერთად, დიდი წარმატებაც მომიტანა და ამ სფეროში ცნობადიც გავხდი.

პროექტის შემდეგ ჩემით დაინტერესდნენ ტელევიზიები. ამან განაპირობა შემოთავაზებები გასტრონომიის სფეროში. ამავდროულად მომეცა საშუალება, რომ  ქართველი წარმატებული შეფები გამეცნო. მათ ეს სფერო კიდევ უფრო შემაყვარეს და გამიზიარეს პატარა საიდუმლოებები ….

ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა გენიალურმა შეფებმა როგორებიც არიან Massimo Bottura და Paul Bocuse.. Paul Bocuse – ს უკავშირდება მსოფლიოში ცნობილი Bocuse d’Or-ის ფესტივალი, რომელშიც სამომავლოდ მონაწილეობას ვგეგმავ საქართველოს სახელით.

ვინც დაინტერესებულია კულინარიით და ახლა წყვეტს, თუ რა სურს სამომავლოდ, ვურჩევ არ შეეშინდეთ გამოწვევების, თამამად გადადგან ნაბიჯი, თუნდაც ჩემსავით. დაიწყონ ყველაზე დაბალი საფეხურიდან, მაგრამ სჯეროდეთ, რომ დიდი შრომით, ამ საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით ყოველთვის გაიღება დიდი სამზარეულოს კარი. ამის საუკეთესო მაგალითი ვარ მე.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს ამ სფეროში განვითარების მიზნით – გაგიმხელთ,  უახლოეს მომავალში მივემგზავრები გერმანიაში, რათა ჩავაბარო კულინარიულ აკადემიაში და გავიღრმავო ცოდნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.