ადამიანები ისტორიები

ფოტოები ინახავენ წამებს, რომლებიც აღარ იქნება – ნათელა გრიგალაშვილის ამბავი

“ფოტოგრაფია ეს არის მეხსიერება და მიმაჩნია, რომ მას ისტორიის ყველაზე უკეთ შენახვა შეუძლია”, – ამბობს ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი, რომელიც 30 წელზე მეტია, დოკუმენტურ ფოტოებს იღებს.

ნათელა ხაშურის მუნიციალიტეტის სოფელ თაგვეთში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. ბავშვობაში ხატავდა. ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა კინო და კინოოპერატორობაზე ოცნებობდა. 

სწორედ ამ პერიოდში, დაიწყო ფოტოების გადაღება და მის ნამუშევრებში ნელ-ნელა მომრავლდა მშობლიური სოფლის ამსახველი კადრები.

“ვფიქრობ ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა, რომ დავიბადე და გავიზარდე სოფელში, ბუნებასთან ახლოს. ახლაც ყველაზე მშვიდად იქ ვგრძნობ თავს, იქ მიმიხარია. ქუჩაში რომ მივდივარ, შეიძლება სუნი მომივიდეს და ვიტყვი ხოლმე, ჩემს სოფელში დგას გაზაფხულზე ასეთი სუნი. რაც უფრო ასაკი მემატება, უფრო მივილტვი ბავშვობაში.  როდესაც მშობლიური სახლიდან გამოვდივარ, ვეუბნები, რომ მალე დავბრუნდები. მგონია, რომ ცოცხალი არსებაა და გული წყდება, რომ დაკეტილია”, – გვიყვება გრიგალაშვილი.

პირველი ფოტოაპარატი

“ჩემი პირველი ფოტაპარატი იყო “სმენა”, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. დავიწყე ფოტოების გადაღება, მაგრამ სულ ვკითხულობდი, როგორ უნდა გადამეღო, შეცდომებსაც ვუშვებდი და ნელ-ნელა შევისწავლე. დედას ვუღებდი ფოტოებს, რაც კამერა ავიღე ხელში. თავიდან კი არ მოწონდა, მაგრამ შემდეგ ყურადღებას აღარ მაქცევდა.  ათასობით ფოტო მაქვს გადაღებული. შემდეგ გავაკეთე პროექტი, რომელსაც ჰქვია “დედაჩემის წიგნი”. მას მივუძღვენი”.

ქალი და ფოტოგრაფია

“სწავლის დამთავრებიდან მალევე დავიწყე მუშაობა გაზეთში რეპორტიორად. კი ამბობდნენ ხოლმე, ქალი და ფოტოგრაფიო, ულვაშებიან კაცს ველოდებოდითო. ვიღაც მეუბნებოდა, ფოტოგრაფი როდის მოვაო. ერთხელ ერთმა პოლიტიკოსმა მითხრა, თქვენ ალბათ დროებით ხართ ფოტოგრაფი და მე სულ მიკვირდა, რადგან ყოველთვის ვიყავი ამაყი, რომ ვიყავი ფოტოგრაფი”.

ფოტოგრაფია, როგორც მეხსიერება

“როდესაც გავაცნობიერე, რა მინდოდა ფოტოგრაფიაში, იმ დღიდან მინდოდა გადამეღო საქართველო, თავისი კუთხეებით, რეგიონებით. გარდა იმისა, რომ ფოტოგრაფია არის ხელოვნება, ეს არის მეხსიერებაც და მიმაჩნია, რომ ისტორია ყველაზე კარგად შუეძლია შემოინხოს. სულ ვფიქრობ, რომ წამი რომელმაც ჩაიარა, აღარ იქნება. ფოტოგრაფია მისტიკურია, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს წამი. ყოფილა ბევრი კადრი, რომელიც არ ან ვერ გადამიღია. ხშირად, როდესაც მივდივარ ტრანსპორტით ან მატარებლით და გზაში ვხედავ ძალიან მაგარ კადრებს, სულ ვამბობ, როგორ მინდა გადაღება, მაგრამ ვერ ვახერხებ”.

ფოტო კლუბები და მათ დაარსების მიზანი

“მე თავად სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ვიცი, რამდენი რამ აკლიათ იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს,. ამიტომ გადავწყვიტე მათთვის ფოტოგრაფია მესწავლებინა. სხვა რა შემეძლო, რომ მათთვის გამეკეთებინა? თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ფოტოგრაფები გახდებიან.  მე ვეხმარები ბავშვებს, რომ იმ გარემოში, სადაც ცხოვრობენ და ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივია,  აღმოვაჩენინო არაჩვეულებრივი რაღაცები.”

რჩევები დამწყებ ფოტოგრაფებს

“სანამ თითს დააჭერენ, კარგად უნდა გაიაზრონ, რას იღებენ და რატომ. მთავარია უყვარდეთ თავის საქმე. მეც მქონია მომენტები, გადასაღებად წასულს ცუდი გზა შემხვდა. არ ვიცოდი, როგორ გადავსულიყავი დანიშნულების ადგილზე. დამიღამდა, სად გავათევდი, არ ვიცოდი და მითქვამს საკუთარი თავისთვის, ყოფილიყავი სახლში, რა გინდოდა-მეთქი, მაგრა ეს იყო წუთიერი. მთავარი საქმის სიყვარულია და სიძნელეების დაძლევა პრობლემა აღარაა”.

ნათელა გრიგალაშვილს ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ალექსანდრე როინიშვილის პრემია გადაეცა. მისი ცნობილი ფოტოსერიებია „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველების მარკეტი“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ და „პანკისის ხეობის ქალები“.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.