ადამიანები ისტორიები

“გოგონების ადგილი იქ არის, სადაც ისინი მოისურვებენ” – კალათბურთელი გოგონები ხაშურის “ირაოდან”

ხაშურში გოგონათა საკალათბურთო გუნდი”ირაო” არსებობს, რომელმაც ბევრი წარმატებული სპორტსმენი გამოზარდა. კლუბს მწვრთნელები ირაკლი ბითაძე და ავთანდილ ხვედელიძე ხელმძღვანელობენ. თავის დროზე, ორივე მათგანი პროფესიონალურ კალათბურთს თამაშობდა. ახლა კი, ხაშურელ ახალგაზრდებს ეხმარებიან სპორტული კარიერის მოწყობაში.

“10 წლიდან კალათბურთს ვთამაშობ. გამოდის 50 წელია ამ სპორტში ვარ. ჩემს ხელში ბევრი თაობა გაიზარდა. ახლა ისინი ზოგი ნაკრებში თამაშობენ, ზოგიც ევროპაშია. ძირითადად გოგონებს ვავარჯიშებთ, თუმცა ბიჭების გუნდიც გვყავს”, – ამბობს ირაკლი ბითაძე

ნინი ხარატიშვილი

კლუბ “ირაოში” ირაკლი ბითაძე და ავთანდილ ხვედელიძე ახლა 2009 – 2010 წლიან სპორტსმენებთან მუშაობენ. გუნდი სულ ერთი წელია, რაც შეიქმნა და 11-12 წლის გოგონებითაა დაკომპლექტებული. სპორტსმენები ამბობენ, რომ კალათბურთი მათთვის მხოლოდ გატაცება არ არის, მათი ცხოვრების მიზანი და ნაწილია.

მარიამ ქურდაძე
მარიამ ჩერტიშევი

“12 წლის ვარ. 4 წელია, რაც კალათბურთზე დავდივარ. მაინტერესებს ეს სპორტი და ვფიქრობ, ბოლომდე გავყვები. პატარა ასაკიდან ვუყურებ კალათბურთს და რა თქმა უნდა, საქართველოს ვგულშემატკივრობ, ზაზა ფაჩულიას სტილი და თამაში მომწონს. ბუნებრივია, მის მატჩებსაც ვადევნებ თვალს”, – გვითხრა მარიამ გოგოლაძემ.


რამოდენიმე თვეა დავიწყე ვარჯიში და გამთამაშებელი ვარ გუნდში. მიუხედავად იმისა, რომ გოგო ვარ და შესაძლებელია ჰქონდეთ დამოკიდებულება, რომ ამ სპორტში ჩემი ადგილი არაა, მაგას ყურადღებას არ ვაქცევ. იმას ვაკეთებ, რაც მინდა და მომწონს. გოგონების ადგილი იქ არის, სადაც ისინი მოისურვებენ”, – ამბობს სანდრა სამხარაძე


“ჩემი ძმა დადიოდა ამ სპორტზე და მეც მომწონდა. ჩემი მწვრთნელი სკოლაშიც ასწავლის და მეუბნებოდა, რომ დამეწყო ვარჯიში. ახლა კმაყოფილი ვარ. გუნდთან ერთად გავდივარ ტურნირებზე, რომელიც ხან მოგებით და ხან წაგებით სრულდება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განვვითარდეთ”, – გვეუბნება მარიამ ჩერტიშევი.


“ჩემი ოჯახის რჩევით მოვხვდი კალათბურთის გუნდში, სიმაღლე ხელს მიწყობს და მეუბნებოდნენ, რომ უნდა მეცადა. ახლა თითქმის ჩემი ყველა მეგობარი კალათბურთელია და სულ ერთად ვართ”, – გვითხრა მარიამ ქურდაძემ.


მარიამ გოგოლაძე
სანდრა სამხარაძე

ახალგაზრდა გოგონებს უნდათ, რომ მომავალში პროფეისონალურ გუნდებში ითამაშონ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.