ადამიანები ისტორიები

გოგო, რომელიც მაღალმთიან სოფელში დაბრუნდა და “ბარნოვი” შექმნა

მხატვარი, დიზაინერი, პედაგოგი – ყველა ამ მიმართულებით მუშაობს რუსუდან ბარნოვი, რომელიც  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელს, ახალციხეს დაუბრუნდა.

რუსუდანი პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია. ამბობს, რომ ბავშვობიდან განსხვავებულად ჩაცმა უყვარდა, ამიტომ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია.

“ბავშვობიდან მომწონდა და მიყვარდა ხელოვნება, განსხვავებული ჩაცმის სტილი, რამაც განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევა. ვარ მასწავლებელი პროფესიულ კოლეჯში. პარალელურად, ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია “კომლში”, რომელიც წარმოადგენს სათემო სივრცეს. მაღალმთიან სოფელში, სადაც გავიზარდე, მაქვს სახელოსნო, საოჯახო სასტუმრო და ვაწარმოებ საოჯახო ღვინოს”.

რუსუდანს სოფელში თავისი სახელოსნო აქვს. მან 10 წლის წინ, საკუთარი ბრენდი “ბარნოვი” დააფუძნა, სადაც ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლის აქსესუარებს ამზადებს.

“ვმუშაობ ტყავზე, ტყავის აქსესუარებს ვქმნი. ვქარგავ, ვიცი 2 სხვადასხვა ტიპის ქარგვა, ბრაზილიური და ტამბურული, რომელიც ხელოვნების ერთ-ერთი გავრცელებული ლუნევილური ქარგვაა. ორივე ტექნიკით ვამუშავებ კოლექციას, რაც განსხვავებულს ხდის, როგორც სამოსს, ასევე აქსესუარებს. ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის მოტივზე ვქმნი აქსესუარებს და სამოსის ელემენტებს, რომელიც უცხო და უნიკალურია. ჩემი ახალი გატაცება დეკუპაჟის ტექნიკით ძველი ავეჯის განახლებაა”.

ბრენდის დაარსებამდე, რუსუდანი აქსესუარებს და ტანისამოსს მეგობრებისთვის და ახობლებისთვის ქმნიდა, როდესაც მათ მოთხოვნას გასცდა, მისთვის ეს ხელსაქმე შემოსავლის წყაროდ იქცა.

“მიზნების მისაღწევად, უზომოდ ბევრი ვიშრომე და არ ვწყვეტ შრომას. მეტიც სხვასაც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ცოდნას. ხშირად ვატარებ მასტერკლასებს, ახალგაზრდების დაინტერესება დიდია რაც ძალიან მახარებს”.

სამომავლოდ, რუსუდანი საწარმოს დაარსებას ფიქრობს, სადაც იმ მარტოხელა დედებს და ქალებს დაასაქმებს, რომლებმაც ადრეული ქორწინების გამო, განათლების მიღება ვერ შეძლეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.