ადამიანები ისტორიები

“წალდუნა” – ხის დეკორაციები გორელი ოჯახისგან

მაია და ოთო ხის ნივთებს, აქსუსიარებს და სათამაშოებს ამზადებენ. ცოლ-ქმარმა საკუთარ ბრენდს “წალდუნა” დაარქვა. როგორც ამბობენ, ბრენდის სახელის ინსპირაცია ქართული ხალხური ზღაპარი “მელა და ჩიტი” გახდა, თუმცა წყვილი ხის მოჭრის წინააღმდეგია – ისინი ნამუშევრებს ნარჩენი მასალისგან ქმნიან.

მაია გვიყვება რომ, მეუღლე თვითნასწავლი მხატვარია, ხეზე კვეთა ადრეული ასაკიდან დაიწყო, შემდეგ კურსებიც გაიარა და მას შემდეგ ერთობლივად დაიწყეს ხის ნამუშევრების შექმნა.

“ნამუშევრები რომ ვნახე ძალიან მომეწონა და ვთხოვე სახლისთვისაც დაემზადებინა. იმდენად დახვეწილი და სუფთა გამოვიდა რომ ვიფიქრეთ რატომაც არა, გავაკეთოთ გვერდი სადაც სხვებიც შეძლებენ ნახონ ჩვენი ნამუშევრები და იყიდონ კიდეც”.

საოჯახო ბიზნესში ყველა წევრი ჩართულია, მაია და ოთო შვილებთან ერთად ქმნიან ხის დეკორაციებს და თან დამზადების ტექნიკასაც ასწავლის.

“რა თქმა უნდა “წალდუნას” მთავარი ხელოსანი ოთოა, თუმცა ბოლო დროს მეც აქტიურად ჩავერთე და ვფიქრობ, უკვე კარგად გამომდის. ძირითადად ვმუშაობთ ხელით, რაც ბევრად მეტ ენერგიას და შრომას მოითხოვს”.

წყვილს სამუშაო სივრცე სახლში აქვს მოწყობილი. ყველა კუთხეში ნახავთ საღებავებს, ფუნჯებს და ხის ნაფოტებს, რომლისგანაც შემდეგ ნამუშევრები მზადდება.

“პირველი ეტაპი შეკვეთის მიღებაა შემდეგ ერთობლივად განვიხილავთ რომელი სახეობის ხის მასალას გამოვიყენებთ, იჭრება მუშავდება და შემდეგ იღებება. არცერთი ნივთი არ მეორდება, რაღაც დეტალი ყოველთვის იცვლება, სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენს ნამუშევრებს, რომ ჩვენი ხელწერა გვაქვს”.

ოთო მუნჯიშვილი და მაია მეზვრიშვილი ახლა დონორების მოძიებაზე მუშაობენ. საჭირო სახსრების გაჩენის შემდეგ, სურთ, რომ სპეციალური იარაღები შეიძინონ. ფიქრობენ, რომ ამით საქმე უფრო გაუმარტივდებათ და უფრო მეტ ნივთს ცოტა დროში დაამზადებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.