ადამიანები ისტორიები

ჩვენი ერთიანობის გასაღები უკრაინაშია – გორელი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში იბრძვის

2008 წლის ომის მონაწილე გიორგი გოგაძე ახლა უკრაინაში იბრძვის. გორელი მებრძოლისთვის უკრაინის დახმარება სიკეთის მხარეს დგომას ნიშნავს.

“ერთ თვეზე მეტია, აქ ვარ. ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის და რა თქმა უნდა, ქართველები ყოველთვის სიკეთის მხარეს დგანან.”

გიორგი ფიქრობს, რომ საქართველოს ერთიანობის გასაღები უკრაინაშია. უხარია, რომ სამხედრო გამოცდილება აქვს და ახლა ომის წინა ხაზზე ყოფნა შეუძლია.

“რაღაც დონეზე სამხედრო მომზადება აუცილებელია. აქ დავრჩებით, სანამ უკრაინელ ხალხს დავჭირდები, სანამ ბოლომდე არ გათავისუფლდება ეს მიწა აგრესორებისგან“.

გიორგი გვეუბნება, რომ ქართველების ბრძოლისუნარიანობის და პატრიოტიზმის შესახებ უკრაინელებმა კარგად იციან. ამბობს, რომ ხშირად 2008 წლის ომსაც ახსენებენ ხოლმე.

“რა თქმა უნდა, ყველამ იცის აგვისტოს ომის შესახებ. იციან ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან და სწორედ ესაა ის სულისკვეთება და იდეა, რაც ჩვენ და ამ ხალხს გვაერთიანებს. მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობით. მათი მთავარი მოტივაციაა დაიცვან ოჯახები, ქვეყანა და შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა”.

გიორგი სხვა ქართველებთან ერთად, ახლა უკრაინული სოფლების და ქალაქების გათავისუფლებისთვის იბრძვის.

“დიდია ქართველების როლი ირპინის გათავისუფლებაში, რასაც ჩვენი სამი თანამებრძოლი შეეწირა. ირპინში წინა ხაზზე ვიდექით. ამჟამად, კიევის მისადგომები სრულიად თავისუფალია რუსი ფაშისტებისგან”

გიორგის თქმით, რუსეთი საქართველოს ისეთივე მტერია, როგორიც – უკრაინის. შესაბამისად, ქართველი მებრძოლები ახლა უკრაინაში საკუთარ მტერს ებრძვიან.

“ის, რაც 2008 წელს ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, ახლა უკრაინელი ხალხის თავს ხდება. ჩვენ ერთი ისტორიის ქვეყანა ვართ და ჩვენი მთავარი მტერი რუსეთია. ეს უნდა გაიაზროს თითოეულმა ქართველმა. ჩემ დაბრუნებას გორში ალბათ ბევრი ელოდება – შინაურები, მეზობლები… განსაკუთრებით კი ჩემი ორი ბიჭი, რომელსაც საქართველოს ვუზრდი.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.