სტატიები

არასწორად დახაზული “ზებრები” გორში – დარგის სპეციალისტის რეკომენდაციები

გორის მერია აპრილიდან ქალაქში ახალი “ზებრა” გადასასვლელების დახაზვას გეგმავს. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ “ზებრებისთვის” ადგილების შერჩევისას, მერია შეცდომებს აღარ დაუშვებს.

რა შეცდომები აღარ უნდა დაუშვას მერიამ?

ამჟამად, გორში არსებობს “ზებრები”, რომლის თავში ან ბოლოში ხე ან ნაგვის ურნა დგას, ან სულაც გამწვანების ზოლია და შესაბამისად, გზის გადაკვეთისას, მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ. არადა, დარგის სპეციალისტების თქმით, “ზებრა” გადასასვლელები იმისთვის იხაზება, რომ მოქალაქეებმა გზის გადაკვეთა კომფორტულად და მოხერხებულად შეძლონ.

“ეს ამბავია წლებია. ვერ გაივლი. “ზებრის” ზემოთ გადახვალ და ავტომანქანები არ გატარებენ”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დარგის სპეციალისტის, გია გიორგაძის რეკომენდაციით, ქვეითთა გადასასვლელების მოსაწყობად, მერიამ ადგილები მეტი ყურადღებით უნდა შეარჩიოს.

“მაგალითად, ზოგიერთი “ზებრა” გადასასვლელი ისეთ ადგილზეა, სადაც გუბე დგება. ესეც უნდა მოწესრიგდეს. ასეთ შემთხვევაში, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ “ზებრა” ოდნავ ზემოთ გადავიდეს”, – ამბობს გია გიორგაძე.

გიორგაძეს თავისი რეკომენდაცია აქვს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დახაზულ ერთ-ერთ ზებრა გადასასვლელზეც.

“სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოდან რომ გამოდიხარ, გხვდება საფეხმავლო ბილიკი, რომლის მეორე მხარეს არის ხე. ჩემი აზრით, აქაც უნდა შეიცვალოს “ზებრის” მდებარეობა. ხის მოჭრას აჯობებს, რომ შეიცვალოს სახლ-მუზეუმის ეზოს ჭიშკრის მდებარეობა და ამის შესაბამისად დაიხაზოს ახალი “ზებრაც”.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ქალაქში “ზებრა” გადასასვლელების უმრავლესობა არასწორად და კანონსაწინააღმდეგოთაა დახაზული. როგორც გიორგაძე ამბობს, მერიამ გზაჯვარედინებზე “ზებრები” აღარ უნდა დახაზოს.

“ქალაქში 95% არასწორადაა დახაზული. მაგალითად, გზაჯვარედინზე საფეხმავლოს მოწყობა არ შეიძლება. კანონის თანახმად, ზებრაზე გაჩერება არ შეიძლება; არადა, გზაჯვარედინზე რომ გადიხარ, უნდა გაჩერდე, რომ გაიხედო ავტომანქანა ხომ არ მოდის. შესაბამისად, გინდა თუ არ გინდა, “ზებრაზე” ჩერდები და ორი კანონის შუაში ხარ გაჭედილი, ერთი რომ ზებრაზე არ უნდა გაჩერდე და მეორე გზაჯვარედინზე აუცილებლად უნდა გაჩერდე. ანუ ასე დახაზული “ზებრები” მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს კი არა, მძღოლებსაც უქმნის პრობლემებს”, – განმარტავს გიორგაძე.

გია გიორგაძემ რადიო “მოზაიკასთან” პანდუსების პრობლემაზეც ისაუბრა. მისი თქმით “ზებრების” ნაწილთან არ არის მოწყობილი პანდუსები, რის გამოც, ამ გადასასვლელებით ეტლით მოსარგებლე ადამიანები დამოუკიდებლად ვერ სარგებლობენ.

დატოვეთ კომენტარი