სტატიები

„გორში პოლიციელთა ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება უნდა დაიწყოს”

გორში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული 3 მოქალაქე მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. ბრალდებულებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ისინი პოლიციელთა მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები იყვნენ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიციელთა ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. გორში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რეზო რევაზიშვილი აცხადებს, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია პოლიციელთა წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად.

“სასამართლოს განაჩენში განვითარებული მსჯელობათა ჯაჭვი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმისა, რომ დაიწყოს გამოძიება სწორედ წამების და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაციით, თუმცა პრაქტიკა რომელიც ჩვენ გვაქვს, მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო გამოიძიებს არის ძალიან დაბალი, თუმცა სამართლებრივად საკმარისი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ასეთი ტიპის გამოძიება ჩატარდეს” , – აცხადებს რეზო რევაზიშვილი.

საქმის გამოძიების მოლოდინი არ აქვს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტს ლექსო მერებაშვილსაც. მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევებში სისტემა “კბილებით იცავს ერთგულ თანამშრომლებს”.

“აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. მათ შორის წამებაზე. მით უმეტეს, რომ მოსამართლეც ამახვილებს მათ მძიმე მდგომარეობაზე ყურადღებას, თუმცა მოლოდინი რომ გამოძიება დაიწყება ან მით უმეტეს სამართალდამცავები მიეცემიან პასუხისგებაში სამწუხაროდ ნაკლებად არის. როგორც წესი სისტემა კბილებით იცავს ერთგულ თანამშრომლებს”, – აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

ბენზინგასამართი სადგურის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულებმა გ.ა-მ, ო.ძ-მ და ჯ.ჩ-მ განაცხადეს, რომ ჩვენება იძულებით მისცეს, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის და მუქარების შემდეგ. ფიზიკური დაზიანების კვალი დაადასტურა ექსპერტიზამაც. სამივე დაკავებული გორის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უდანაშაულოდ ცნო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.