სტატიები

გორის მერის საკადრო პოლიტიკა – ვინ რა პოსტზე დანიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა?

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში საკადრო ცვლილებები გრძელდება. გორის მერს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ახალი კადრების დანიშვნის შესახებ, რადიო “მოზაიკა” ინფორმაციას საკუთარი წყაროებიდან იღებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებები კიდევ გაგრძელდება.

“ამბობენ, რომ ცვლილებები ამით არ დასრულდება. რეორგანიზაციასაც ახსენებენ, მაგრამ დეტალებზე ღიად არავინ საუბრობს”.

საკადრო ცვლილებები გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში

ხშირი ცვილებებით გამორჩეულია ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო. აღნიშნულ სააგენტოში შეიცვალა ხელმძღვანელი – გელა კაპანაძე დავით წეწვაძემ ჩაანაცვლა. თავად კაპანაძე კი ახალი ხელმძღვანელის თანაშემწე გახდა.

წეწვაძემ მოადგილედ თავისი ახლო მეგობარი, ზურაბ ილურიძე დანიშნა, რომელიც მანამდე ამავე სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მისი დაწინაურების შემდეგ, ამ ცენტრის დირექტორად ქეთევან იარდალაშვილი დანიშნეს”, – უყვებოდა რადიო “მოზაიკას” სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

თუმცა ცვლილებები ამით არ დასრულებულა. წეწვაძემ კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაახლოებით 2 თვე იმუშავა. ცოტა ხნის წინ, ის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წავიდა და სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია მისმა მოადგილემ, ზურაბ ილურიძემ დაიკავა.

“ჯერჯერობით, არ ვიცით, ვინ დაიკავებს მოადგილის თანამდებობას. ამბობენ, რომ სხვა ცვლლებებიც იგეგმება”.

ცვლილებები განხორციელდა ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბშიც – გორის მერმა დირექტორ გია ისიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილას კი, გიორგი ბასილიძე დანიშნა.

“გიორგი ამ ა(ა)იპ-ში მეკარეების მწვრთნელის პოზიციას იკავებდა”.

უფრო ადრე კი, საკადრო ცვლილება მოხდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში. ლიანა კოვზიაშვილი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი შათირიშვილმა ჩაანაცვლა.

საკადრო ცვლილებები გორის მერიაში

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გორის მერს 1 მრჩეველი, 1 მდივანი, 2 მოადგილე და ხუთზე მეტი თანაშემწე ჰყავს. ამ უკანასკნელთა ვინაობებს გორის მერია არ ასაჯაროებს.

“ეს ისეთი ინფორმაციია, ასე ვერ გეტყვით”, – გვეუბნებიან მერიაში.

რადიო “მოზაიკამ” ამ ეტაპზე მხოლოდ მდივნის და 1 თანაშემწის ვინაობის დადგენა შეძლო.

“გორი პატარა ქალაქია და ბოლოს, ყველა ყველაფერს იგებს. ამამად მე მხოლოდ 2 თანაშემწის ვიბაონა ვიცი. ერთი მისი კლასელი კახა კაკაშვილია. მეორე თიკა ხუროშვილი, რომელიც ყოფილმა მერმა დანიშნა და ჯერჯერობით, ისევ თანამდებობაზე რჩება”.

რაც შეეხება მდივანს, ეს თანამდებობა თამარ კუღოსვილმა დაიკავა, რომელიც მანამდე საბანკო სექტორში მუშაობდა. ასევე, თანამდებობაზე რჩება მერის მრჩეველი დავით კვერნაძე, რომელიც პარალელურად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მუშაობს.

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ცვლილებები სამსახურის უფროსებსაც შეეხებათ. ამ ეტაპზე შეცვლილია მხოლოდ ერთი სამსახურის უფროსი – მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსად ხინჩეგაშვილმა თავისი მეგობარი გიორგი ჭონიშვილი დანიშნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.