სტატიები

გახდება თუ არა უკრიანაზე გაკეთებული განცხადება დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საფუძველი?

გადადგეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდმარე – ეს მოთხოვნა დღეს უკვე საკრებულოს სესიაზეც გაჟღერდა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ საკრებულოს არ უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიულ დავალებებს აყენებს.

ენმ-ის დეპუტატები საკრებულოს თავმდჯომარის გადადგომას ითხოვენ

ბატონო დავით, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში თქვენი განცხადების გამო, შემდეგ კი გადადგეთ თანამდებობიდან”, – ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ს წევრმა და საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბექა ქორჩილავამ საკრებულოს თამვჯდომარეს, დავით რაზმაძეს, სხდომის დაწყების წინ.

ენმ-ის წევრები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მას შემდეგ ითხოვენ, რაც რაზმაძემ თქვა, რომ მას “უკრაინის მთავრობაზე კარგი წარმოდგენა არ აქვს”. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უკრაინას სათანადო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

“რა გაუკეთებიათ უკრაინას და რითი დაგვეხმარაო, ამბობდით. მინდა შეგახსენოთ, რა გააკეთა: 1993 წელს ვერტფრენებით გადმოყავდათ მშვდობიანი მოქალაქეები უკრაინელებს, 17 ვერტფრენი იყო ჩართული. 2008 წლის ომის დროს, ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაში დაგვეხმარა და მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა იბობმებოდა, უკრაინის პრეზიდენტი სხვა ლიდერებთან ერთად, რუსთაველზე იდგა. ჩვენმა დევნილმა ბავშვებმა დაისვენეს უკრაინაში, არაერთი სამხედრო ტექნიკა მივიღეთ ამ ქვეყნისგან და თქვენ ამბობთ, რითი დაგვეხმარაო?”.

– ბექა ქორჩილავა

ოპონენტების მოთხოვნის საპასუხოდ, დავით რაზმაძემ სხდომაზევე განაცხადა, რომ ის სრულად უჭერს მხარს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ბრძოლას, თუმცა არ მოეწონა უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც საქართველოს მთავრობა არასათანადო მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

“მეც მახსოვს ყველაფერი, როგორ დაგვეხმარა უკრაინა და როგორ დაგვიდგა გვერდით. მე არ მითქვამს, რომ უკრაინელები ცუდია, არ მითქვამს, რომ ხელისუფლება ცუდია. მე ხაზი გავუსვი იმ შეცდომას, რაც მათ გააკეთეს. ეს შეცდომა იყო ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა, რომელიც ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. უშუალოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ უკრაინელებისადმი თანადგომა არის ძალიან დიდი. რაც ვთქვი, ეს იყო ჩემი აზრი და დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება”.

– დავით რაზმაძე

დავით რაზმაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს თანაგუნდელებმა, “ქართულო ოცნების” დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი სრულად იზიარებენ საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებებს.

“ბატონო დავით, გვითხარით თუ ვიწყებთ სხდომას, თუ არადა, წავალთ მაშინ, რამდენ ხანს უნდა ვუსმინოთ ამათ?!” – მიმართა თავმჯდომარეს იოსებ მუმლაძემ, ძევერის მაჟორიტარმა დეპუტატმა.მან ასევე განაცხადა, რომ ის სრულად იზიარებს დავით რაზმაძის პოზიციას.

“ქართული ოცნების” პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა ენმ-ის წევრებისთვის. პარტიის წარმომადგელები ამბობენ, რომ წლებია, ქვეყანაში “ქართული ოცნების’ წევრები პარტიულ დავალებებს ასრულებენ და პირად აზრს კი არა, პარტიულ გზავნილებს ახმოვანებენ.

დღევანდელი სხდომა ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ოპოზიცია თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის ოფიციალურად ინიცირებას საკრებულოზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.