სტატიები

“სისხლიანი” ბანერი გორშიც გამოჩნდა – ირღვევა თუ არა კანონი?

არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! – ამ ლოზუნგებით სისხლიანი ბანერი გორშიც გამოჩნდა. ის ჭავჭავაძის ქუჩაზეა განთავსებული. ბანერზე მხოლოდ ლოზუნგები და კონკრეტული პირების ფოტოებია გამოსახული, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი გორში აცხადებს, რომ ბანერების თემა მათ კომპეტენციაში არ შედის და შესაბამისად, კონტროლის ვალდებულებაც არ აქვთ.

“ბანერები და მსგავსი თემები ჩემი კომპეტენცია არ არის. მე არაფერშუაში არ ვარ მაგასთან. რაღაცაზე რომ ვიმოქმედო ხომ უნდა მქონდეს კანონში გაწერილი? არის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც არეგულირებენ რა უნდა განთავსდეს და რა არა ბანერზე”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” მალხაზ მირუაშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “სამართლიანი არჩევნები” საჩივრით მიმართავს. ორგანიზაციაში თვლიან, რომ სწორედ ცესკოა ვალდებული მიიღოს შესაბამისი ზომები და სიძულვილის ენის/აგრესიის გამომხატველი ბანერების ჩამოხსნა დროულად უზრუნველყოს.

“საარჩევნო სააგიტაციო მასალას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მითითებული გარკვეული რეკვიზიტები. თუმცა სისხლიან ბანერებს მსგავის ინფორმაცია არ ახლავს და ფაქტიურად ანონიმურია. ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, რაზეც ცესკოს მივმართეთ რეაგირების მიზნით, რაც ამ ბანერების ჩამოხსნაში უნდა გამოიხატებოდეს. საკითხის შესწავლას აუდიტის სამსახურსაც მოვუწოდებთ”, – აცხადებს ISFED-ის წარმომადგენელი, ნინო დოლიძე.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალა არის პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზეც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე აკრძალულია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.