სტატიები

როგორ გამოიყურება ადგილი მეჯვრისხევში, სადაც სკვერი კეთდება 

მეჯვრისხევში დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად სამუშაოები მალე დასრულდება, ადგილზე საბავშვო სივრცე უკვე განთავსებულია. 

ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სკვერის გაკეთების შემდეგ, ეს ადგილი ახალგაზრდებისა და ბავშვების თავშეყრის ადგილად იქცევა, თუმცა მანამდე აქ არსებული მდგომარეობა აშფოთებთ, რადგან როცა ბავშვები გასართობად მოჰყავთ, შეუსაბამო სიტუაცია ხვდებათ. 

“ბოლომდე არ არის დასრულებული, მაგრამ რამდენიმე ატრაქციონი უკვე დგას და მომყავს ხოლმე ბავშვები. ვცდილობ, ამ კონკრეტულ ტერიტორიას არ გაცდნენ ხოლმე, რადგან გარშემო უამრავი ნაგავი ყრია, მათ შორის “შპრიცები”. შეიძლება ბავშვმა ხელში აიღოს და თითში შეირჭოს. ყველამ იცის, რომ აქ ეს “შპრიცები” შემთხვევით არ ყრია. ვინმემ ყურადღება უნდა მიაქციოს”, – ამბობს ნინო, მეჯვრისხევში მცხოვრები. 

მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ნარიკაშვილი ამბობს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სკვერის ტერიტორია დასუფთავდება. 

“ჩვენი ძალებით დავასუფთავებთ ტერიტორიას, ადგილობრივ ახალგაზრდებს დავიხმარებთ, ყველანაირი ნარჩენისგან გაიწმინდება. სკვერის ტერიტორიის შემოღობვა დაგეგმილი არ არის, თუმცა სურვილი მაქვს, რომ ესეც გაკეთდეს, რადგან ყველანაირად დაცული იყოს ტერიტორია. გარდა ამისა, მინდა რომ “მტირალა დედის” ძეგლსაც გაუკეთდეს რესტავრაცია”, – ამბობს გიორგი ნარიკაშვილი. 

აღნიშნული სკვერის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 000 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოები 5 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. 

ადგილი სადაც სკვერი კეთდება, ისტორიულია და მას “შინ მოუსვლელთა პარკს” ეძახიან.  პარკი 1972 წელს გაშენდა. ტერიტორიაზე 214 ფიჭვის ხე დაირგო. ყოველ მათგანს კი საკუთარი სახელი მიენიჭა, იმ მეჯვრისხეველების მოსაგონრად, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ და მშობლიურ სოფელში ვეღარ დაბრუნდნენ.

დატოვეთ კომენტარი