სტატიები

ხინჩეგაშვილს მერად არჩევის შემთხვევაში სამშენებლო კომპანიის დირექტორობის დათმობა მოუწევს

„ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიის დირექტორობის დათმობა მოუწევს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორობა და მერობა კანონმდებლობით, შეუთავსებელია.

“გორის არჩეულმა მერმა 10 დღის ვადაში უნდა აღმოფხვრას თანამდებობრივი შეუთავსებლობა” , – განმარტავს მერებაშვილი.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შპს “ლეგასის” დირექტორი და 34%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის წესდებაში წერია, რომ აღნიშნული შპს-ს საქმიანობის საგანი არის “დეველოპერული, ბინათმშენებლობის წარმოების საქმიანობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

აღნიშნულ კომპანიაში ხინჩეგაშვილის პარტნიორები გიორგი იანტბელიძე და მამუკა არევაძე არიან. კომპანია ოფიციალურად 2020 წლის დასაწყისში დაფუძნდა.

გიორგი იანტბელიძე საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელია, ხოლო მამუკა არევაძე ყოფილი მოჭიდავე და სამშენებლო ჯგუფ “მეგობრობის” დამფუძნებელია.

გარდა შპს “ლეგასისა”, ხინჩეგაშვილი წილებს 4 სხვა კომპანიაშიც ფლობს. ესენია: შპს გგ ჰოუმ – 33%-იანი წილი, შპს რეფრეში – 50%-იანი წილი, შპს ჩემპიონი – 34% და შპს ფლოლეს ქონსთრაქშენს – 50%.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.