სტატიები

გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, როგორც საარჩევნო პროგრამის ნაწილი – შეხვედრა ენმ-სთან

გორის სათემო რადიო “მოზაიკამ” ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საკითხებზე პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები დაიწყო. ორგანიზაცია გეგმავს შეხვდეს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

“შეხვედრების მიზანია, ერთის მხრივ გავაცნოთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებებით გორის მერიის ა(ა)იპ-ებში სხვადასხვა მიმართულებით აღმოჩენილი ხარვეზები და მეორეს მხრივ მოვისმინოთ, თუ როგორ აპირებენ ისინი ამ პრობლემების მოგვარებას და ა(ა)იპ-ების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის კვალდაკვალ”, – ამბობს პროექტის კოორდინატორი ნინო ჩიბჩიური.

გორის მუნიციპალიტეტის მერთან და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, რადიოს “მოზაიკას” წარმომადგენლები დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდნენ.

ენმ-ს წევრების თქმით, ისინი იზიარებენ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საჭიროებას და მზად არიან, ამ საკითხზე მუშაობის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინონ “მოზაიკას” პროექტის ფარგლებში შემუშავებული ხედვები და რეკომენდაციები.

ანი ბალიაშვილი, ენმ-ის სიის II ნომერი

გარდა “მოზაიკას” ჟურნალისტური გამოძიებებისა, ეს თემა სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის ძალიან მტკივნეული საკითხი. ცხადი არის, როგორ არაეფექტურად იხარჯება ბიუჯეტი ამ პოლიტიზირებულ სტრუქტურებზე. ვითარების გასაუმჯობესებლად არის საჭირო პოლიტიკური ნება და სუფთა სინდისი. ჩვენ საარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობთ, ა(ა)იპების საკითხზეც იქნება საუბარი პროგრამაში და თქვენი რეკომენდაციები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობას საარჩევნო პროგრამის შემუშავება ჯერ არ დაუსრულებია. პარტიის წევრი ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ა(ა)იპების რეორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი წესით ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება, რომელიც პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ა(ა)იპ-ებში არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს.

ბექა ქორჩილავა, ენმ-ის სიის I ნომერი

სამწუხაროდ, მუნიციპალურ ა(ა)იპებ-ში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც თავისი სამსახურის დასახელებაც კი არ იციან და მხოლოდ თვეში ერთხელ, ხელფასის დროს ახსენდებათ ის. როცა საკრებულოზე ა(ა)იპ-ების ანგარიშებს ვისმენთ, პრაქტიკულად არის ხოლმე მხოლოდ მადლობების გადახდა, კრიტიკა და შენიშვნები არ ჩანს. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ჩვენი პარტია მზად არის მაქსიმალურად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციების ცოდნა და გამოცდილება, გაიაროს კონსულტაციები და შეიმუშაოს არსებული პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა


ევროპის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცისაათვის” პირველ ეტაპზე რადიო “მოზაიკამ” 6 ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობების განსაზღვრას და შესაბამისი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შექმნას. ეს იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა და რომელსაც ა(ა)იპ-ების ეფექტიანი რეორგანიზების პოლიტიკური ნება ექნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.