ადამიანები ისტორიები

თვითნასწავლი ხელოვანი და მისი ხელნაკეთი ნივთების ისტორია

ირმა პაპუაშვილი ორი წელია, რაც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. სათამაშოები, სანათები, კერამიკულო ფინჯნები – ამ ნივთებს ის აკეთებს და ყიდის.

34 წლის ირმა პაპუაშვილი პროფესიით პედაგოგია, საფორტეპიანო განხრით. როგორც ის ამბობს, ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს. პატარა ასაკიდან ხატავს, ქსოვს და კერავს.

ზოგადად ისეთი ხასიათი მაქვს, თუ რამეს “თვალი დავადგი”, აუცილებლად უნდა ბოლომდე მივიყვანო. ერთ დღესაც ინტერნეტში დათუნია დავინახე, რომელიც საქართველოში არ იყიდებოდა. ჩემ პატარა ნატალიას სურვილი გაუჩნდა, რომ იგივე გამეკეთებინა. პირველი ცდის შედეგად მივიღე ლამაზი ვარდების დათუნია, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს იყო პირველი ნამუშევარი. ისე კი, ბავშობიდან ყოველთვის ისეთ რამეს ვეძებდი, რითიც ჩემი ყველა შემოქმედებითი უნარის გაერთიანებას შევძლებდი. ვძერწავ, ვხატავ, ვქსოვ, ვკერავ…”, – ამბობს ირმა პაპუაშვილი

ირმა ნივთების დასამზადებლად დღეში 6-7 საათს მუშაობს.

“თვითნასწავლი ვარ და ეს ყველაზე მეტად მეამაყება. ჩემი საქმიანობა დიდ დროს მოითხოვს. ერთი დათუნიას შექმნას 6-7 საათი სჭირდება. ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ რთულია სახლის საქმეებთან ერთად, პარალელურად ამდენი დრო და ენერგია ხელსაქმეს დაუთმო. სამუშაოდ, ძირითადად, საღამოს ათი საათიდან ვჯდები, როდესაც ოჯახის წევრები იძინებენ”.

ირმას სამუშაო სივრცე საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში აქვს მოწყობილი.

“სახელოსნო არ მაქვს, სახლში გამოყოფილი მაქვს ერთი პატარა მზიანი ოთახი, სადაც თავმოყრილია ყველა ჩემი ნივთი და ხელსაწყო. მინდა, სახელოსნო მქონდეს, სადაც შევძლებ ჩემ სფეროში დაინტერესებული ადამიანების დასაქმებას”.

ირმა სამაჩაბლოდან დევნილია. უნდა, რომ ეს საქმე იძულებით გადაადგილებულ სხვა ქალებსაც შეასწავლოს.

ირმას ბევრ სამსახურში აქვს ნამუშევარი, თუმცა როგორც თავად გვიყვება, ასეთი შემოსავლიანი არცერთი არ ყოფილა. მისი ნივთები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყიდება. ირმამ ხელნაკეთი სათამაშოები იტალიაში საბერძნეთში ბელგიაში და რუმინეთში უკვე გაგზავნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.