ადამიანები ისტორიები

აგვისტოს ომში დაღუპული კლასელები – მეჯვრისხეველები, რომელთა შესახებ უნდა ვიცოდეთ 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 7 აგვისტოს რუსული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. ქართული საჯარისო ნაწილები საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდნენ და მტერთან შესახვედრად მოემზადნენ. 

“ნომერ პირველი განგაში”, – ეს ომის დაწყებას ნიშნავდა. 

ზურაბ ურიგაშვილი და ზაქარია კვირიკაშვილი აგვისტოს ომის დროს, საკუთარი სახლებიდან ქვეყნის დაცვისთვის და მტერთან ღირსეულად ბრძოლის მიზნით გავიდნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ. 

მათ შესახებ ხშირად საუბრობენ თანასოფლელები, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, სოფლის ცენტრში მემორიალია მოწყობილი.  მათ გარდა, მემორიალურ ქვაზე კიდევ ორი მეჯვრისხეველის, გია ხახუტაშვილისა და გიორგი ბიბილაშვილის სახელები წერია. ისინიც 2008 წლის ომის დროს დაიღუპნენ.

იმ ადგილას, სადაც მათი გვარ-სახელები ქვაზე ოქროსფერი ასოებითაა ამოტვიფრული, ყოველდღე უამრავი ადამიანი იკრიბება, ყოველდღიური ყოფითი პრობლემებისა თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განსახილველად. აქ ყოველთვის ახსოვთ, რომ ამ ადამიანებმა თავი სამშობლოს თავისუფლებისთვის გაწირეს და სოფელს კიდევ ერთი ისტორია დაუტოვეს. 

ზურა და ზაქრო კლასელები იყვნენ, ისინი ერთ დღეს დაიღუპნენ. ოჯახებმა ორივე მათგანი სამი დღის შემდეგ, სოფლის სასაფლაოზე დაკრძალა.

ზურა ურიგაშვილი დაიბადა 1983 წლის 5 სექტემბერს – კაპრალი 

ზურაბ ურიგაშვილი

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მხედრული მამაცობისთვის, 2008 წლის ომის დროს. 

“7 აგვისტოს ცხინვალში შედიოდნენ. „ბეემპე“ გაუფ­უჭდათ და სოფელ სვენეთთან შეჩერდნენ. მანქანას ელოდებოდნენ, ნაწილში უნდა დაბრუ­ნებულიყვნენ. იმ ღამეს ტანკი გორის ნაწილში ჩამოიყვანეს. 9 აგვისტოს, როცა გორის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, ხმაურზე ზურა, დანარჩენ ჯარისკაცებთან ერთად, ნაწილის ეზოში გამოსულა…საზარელი აფეთქების ხმა…ერთ წამში ყველაფერი მიწასთან გასწორდა… ზურა 25 წლის იყო.”

19 წლის ასაკში ჯავშან-სატანკო ბატალიონში სავალდებულო ჯარი მოიხადა გორში, შემდეგ ვაზიანში გადაიყვანეს. წელიწად-ნახევრის შემდეგ, რეზერვისტად წავიდა. სამხედრო რეჟიმს შეჩვეულმა, ჯარისკაცობა გადაწყვიტა და კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2006 წელს დაქორწინდა. ამ დროს უკვე კონტრაქტით მსახურობდა.

ზურაბ ურიგაშვილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. 

ზაქარია კვირკაშვილი 1983 წლის 6 სექტემბერს სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. 

ზაქარია კვირიკაშვილი

ზურასთან ერთად, ომში მისი თანასოფლელი და კლასელი, ზაქარია კვირიკაშვილიც წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყების დროს, ის თავისმა საჯარისო ნაწილმა არ გამოიძახა, რადგან ხელი ჰქონდა ნატკენი, მან მაინც ჩაიცვა სამხედრო ფორმა და მეგობრების დასახმარებლად გაეშურა. 

როგორც ზაქროს დედა იხსენებს, ის სამხედრო ჰოსპიტალში, თავის ექიმთან ჩავიდა და ხელიდან სახვევის მოხსნა სთხოვა.  

“თავის ექიმს უთხრა, უნდა მომხსნა სახვევი ბიჭების გვერდით უნდა ვიყოო. ექიმს უთქვამს, რომ მოგხსნა სახვევი, მაინც ვერ იხმარ მაგ ნატკენ ხელსო. ნაწილში წასულა, უფროსისთვის უთხოვია, მეც გამიშვითო, მასაც სახლში გამოუშვია. მობრუნდა დაღონებული და მითხრა, ფორმა გამომიღეო. გამოიცვალა და წავიდა.  მთელი სოფელი ეხვეწებოდა, რომ არ წასულიყო. ხელი ისევ შეხვეული ჰქონდა. გორში იყო იმ ღამეს. დაგვირეკა და გველაპარაკა, ნუ გეშინიათ არაფერი არ მოხდება, მალე დამთავრდება ყველაფერიო. მისთვის მართლაც მალე დამთავრდა სიცოცხლე”, -იხსენებს დედა. 

ციტატა ამოღებულია გამომცემლობა "პრაიმტაიმის" წიგნიდან, "გმირი". 

ზაქრო კვირიკაშვილიც, ზურას მსგავსად 9 აგვისტოს, გორის საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა. მასაც სიკვდილის შემდეგ, მიღებული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.