სტატიები

დარღვევების აღმოჩენა, დაჯარიმება და მონიტორინგი – გორის მუნიციპალური ინსპექციის გეგმები 

პარკირება, უნებართვო გარევაჭრობა, დასუფთავება, გარე რეკლამის განთავსება, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობა, იესახე, ხმაურის ნორმების გადაჭარბება, სამგზავრო გადაყვანა, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მონიტორინგის ვალდებულებაც გორის მუნიციპალურ ინსპექციას აკისრია. 

აღნიშნული ა(ა)იპ გორში ცოტა ხნის წინ შეიქმნა, სადაც დასაქმებულმა თანამშრომლებმა მოსახლეობის გაფრთხილება უკვე დაიწყეს. მაგალითად, გააფრთხილეს გარე მოვაჭრეები, რომლებიც გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ვაჭრობენ. ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებსაც და განუმარტეს, რომ სადარბაზოების დანაგვიანების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. 

“გააჩნია სიტუაციას, ჯარიმები იქნება 200 ლარიდან 2000 ლარამდე”, – ამბობენ სააგენტოს თანამშრომლები. 

ამავე თემაზე: გორში გარემოვაჭრეები გააფრთხილეს 

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მოსახლეობას ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ 

რას ფიქრობენ მოქალაქეები მუნიციპალური ინსპქციის საქმიანობაზე? 

აღნიშნული სამსახურის თანამშრომელების ქალაქში გამოჩენის შემდეგ მოსახლოების აზრი ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ გორში გარე ვაჭრობისა და იერსახის დამახინჯების კუთხით კონტროლი აუცილებელია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქალაქში აღნიშნული საკითხების გარდა, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ეკონომიკურ/სოციალური ვითარების ფონზე, მოქალაქეთა დაჯარიმება ან მათთვის ცალკეული საქმიანობების აკრძალვა არასწორია. 

ძალიან კარგი, იმედია ამჯერად ნამდვილად დაატოვებინებენ ტერიტორიას და ესეც მორიგი უშედეგო მცდელობა არ იქნება”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე გარე მოვაჭრეებზე, რომლებიც გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობენ. 

“უნამუსო მთავრობა. ხალხი ისედაც გარბის ევროპაში, რომ მშიერი არ იყოს და სულ გინდათ ხალხი გავიდეს?  მეტი პრობლემა არ გაქვთ?”.

“ნაგავს რომ მიაქვს ძველი ბაზრის ტერიტორია ეგ არ გაწუხებთ? ხომ შეიძლება მოაწესრიგოთ და მანდ დადგომის უფლება მისცეთ გარემოვაჭრეებს?”, – წერენ მოქალაქეები

რას ამბობს მუნიციპალური ინსპექცია? 

ა(ა)იპ გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამსახური 24 საათის განმავლობაში ახორციელებს ქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი დარღვევების მონიტორინგს და ცდილობს, მოსახლეობას იმ პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს, რომელიც მათ დისკომფორტს უქმნის. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.

“სამსახურის თანამშრომლები ეხმარებიან მოსახლეობას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლებიც დისკომფორტს უქმნის მათ ყოველდღიურობას. ორგანიზაცია უფლებამოსილებას დადგენილი წესით გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს”, – ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღნიშნული სამსახურის დებულების მიხედვით, ა(ა)იპ-ის მიზანია დარღვევების გამოვლენა და რეაგირება. ამავე დებულების მიხედვით, დამრღვევის მიმართ გატარდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ნარჩენების მართვისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

კონკრეტულად რა სანქციებია გათვალისწინებული ამა თუ იმ დარღვევის შემთხვევაში? – ამის გასარკვევად “მოზაიკამ” ა(ა)იპ -ის ხელმძღვანელთან დაკავშირება სცადა, თუმცა ილია რაზმაძემ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.