სტატიები

გორის მუნიციპალურ ინსპექციას სამუშაო გეგმაში თბილისზე მორგებული მუხლები ჩაუწერეს 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც გორის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა ეხელმძღვანელა. დოკუმენტი დასამტკიცებლად გორის მერიამ შეიმუშავა და როგორც აღწერაში ვკითხულობთ, მასში გაწერილი მუხლების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს გორელები უნდა დაეჯარიმებინათ.

საუბარია 2023 წლის 18 აპრილს, საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტზე, რომელიც საკანონდებლო მაცნეზე  19 აპრილს გამოქვეყნდა. 

“მოზაიკამ’ დოკუმენტში შეტანილი მუხლები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ისინი გორის ნაცვლად, მხოლოდ თბილისს ეხებოდა. 

მაგალითად, საკრებულოს მიერ 18 აპრილს დამტკიცებულ დადგენილებაში, წერია, რომ გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა დააჯარიმოს მოქალაქეები 55-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც თბილისის საზღვრებში სახელწმიფო ქონების უნებართვოდ დაკავებას ეხებოა. 

მხოლოდ თბილისს ეხება დოკუმენტში შეტანილი იყო სხვა მუხლებიც, როგორიცაა თუნდაც 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი – ეს მუხლები მხოლოდ თბილისში, შენობათა ფასადებებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას კრძალავს. 

თბილისს ეხებოდა 151-ე მუხლის პირველი, მესამე, მეხუთე და მეცხრე ნაწილებიც, რომლებითაც დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა ისჯება. 

დადგენილებაში შეტანილია 153 მე-​​​​6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებიც, რომლებიც უშუალოდ თბილისში, გარე ვაჭრობის რეგულირებას ეხება. 

საკითხის გასარკვევად, “მოზაიკა” გორის მერიას დაუკავშირდა. 

“შესაძლოა, მექანიკური შეცდომა იყო”, – გვითხრეს მერიის პრესცენტრში საუბრის დასაწყისში და საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ. 

მოგვიანებით კი, მერიიდან მოგვაწოდეს დადგენილება, რომლიდანაც თბილისზე მორგებული მუხლები ამოღებულია. რედაქტირებული ვერსიის მიხედვით, არასწორად შეტანილი მუხლები დაგდენილებიდან 15 მაისს ამოიღეს. 

ვინ არის პასუხისმგებელი შეცდომით შემუშავებულ და გასაჯაროებულ დოკუმენტზე? – ამ კითხვას გორის მერია არ პასუხობს და ამბობს, რომ დადგენილებიდან არასწორად შეტანილი მუხლები შემდეგი მიზეზით ამოიღეს:

“არ იყო საჭიროება ამ პუნქტის, რადგან აღნიშნული საკითხი რეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად დადგენილებაში მოხდა ცვლილების შეტანა”. 

რედაქტირებულ დოკუმენტში მუხლების ჩამონათვალი, რომელთა დარღვევისთვისაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მოქალაქეებს დააჯარიმებენ, ჩამოთვლილი აღარაა. 


შეგახსენებთ, რომ გორის მერიის მიერ შექმნილი ახალი ა(ა)იპ-ის, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მოქალაქეებს ხვდებიან და მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ. 

ინსპექტორები იმყოფებოდნენ მრავალბინიან კორპუსებშიც, რომლის მაცხოვრებლებსაც აცნობეს, რომ მაგალითად, მყარი ნარჩენების სადარბაზოში შენახვის შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან. 

ა(ა)იპ-ის თანამშრომლებისგან გაფრთხილება მიიღეს გარემოვაჭრეებმაც, რომლებსაც დაჯარიმება ქალაქის იერ-სახის დამახინჯებისთვის ემუქრებათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.