ახალი ამბები

გაუპატიურებისთვის დაკავებულ ხაშურელ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ხაშურელ კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა განიხილა.

“მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება, დამატებით მტკიცებულებებს, ეს დროის საკითხია და ბრალდების მხარის მიერ შეგროვდება ყველა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც წარიმართება საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში”, – განაცხადა პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა.

გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დაკავებულ კაცს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი იცავს. მარიამ ინდუაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ თვლის.

“დაცვის მხარის განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და იგი დარჩა პატიმრობაში. როდესაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო. მტკიცებულება ამ ეტაპზე არის ერთადერთი – სავარაუდო დაზარალებულის ჩვენება”, – აცხადებს მარიამ ინდუაშვილი.

ბრალდებული უკვე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში. თავდაპირველად, ხაშურელი კაცის წინააღმდეგ, მხოლოდ არასწულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაიწყო გამოძიება, თუმცა პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 16 წელს მიუღწეველ პირს კაცი დანის დემონსტირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აიძულებდა გარყვნილ ქმედებას, აქედან გამომდინარე, გაუპატიურების მუხლს დაემატა მუქარის და გარყვნილი ქმედების მუხლი. საბოლოოდ, კაცს ბრალდება სწორედ აღნიშნული სამი მუხლის დარღვევისთვის წარედგინა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.