სტატიები

“ქართული ბაზარი გაჯერებულია რუსული და თურქული პროდუქციით, გლეხს კი მოსავალი უფუჭდება”

“ქართული ბაზარი გაჯერებულია რუსული და თურქული პროდუქციით, გლეხს კი მოსავალი უფუჭდება”, – აცხადებს პარტიის “საქართველოსთვის” წევრი ვასიკო ბაქრაძე. 

ქარელის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს შეისწავლის.

“ვითხოვდი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შეისწავლიდა სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს, თუ რა სჭირდება ფერმერს, გლეხს, რომ გადაურჩნენ გაკოტრებას. დასკვნა კი უნდა გადაგზავნილიყო შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებში და დაწესებულებებში”, – აღნიშნა ვასიკო ბაქრაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი ფინანსურად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული და მათი მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. 

ეს ადამიანები დგანან დიდი გამოწვევის წინაშე. ქართული ბაზარი გაჯერებულია რუსული და თურქული იმპორტირებული პროდუქციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჭარბად არის სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქცია. გარდა ამისა გაიზარდა ფასები საწვავზე, სასუქზე, პესტიციდებზე. აქედან გამომდინარე საჭიროა, სახელმწიფომ შეისწავლოს ვითარება და ამ ადამიანების მხარდაჭერისთვის შესაბამისი გეგმა შეიმუშაოს”, – აღნიშნავს ბაქრაძე. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკუთარი ინიციატივა ქარელის საკრებულოს წევრებს უკვე გააცნო, თუმცა მათი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. 

ქარელის საკრებულოში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერა მათ კომპეტენციას სცილდება. 

ეს საკითხი საკრებულოს კომპეტენციას სცილდება და მისი მოგვარება სახელმიფოს დონეზეა გადასაჭრელი”, – ასე განმარტა საკუთარი უარი “ქართული ოცნების” წევრმა ცირა ინდუაშვილმა. 

უმრავლესობის წევრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ფერმერების ფინანსური პრობლემები მათივე სიზარმაცეს დააბრალეს. ერთ-ერთი, ვინც ამ აზრს აჟღერებდა, ზაზა დაბრუნდაშვილია. 

დღევანდელი ფერმერი მთლიანად დამოკიდებულია მუშაზე. დათესავენ ჰექტრობით და მუშაობა აღარ უნდათ ვითონ. ამიტომ აქვთ დიდი ხარჯი. მუშას დღეში 70 ლარს უხდიან, თვითონ კი არ მუშაობენ. ამიტომ პროდუქციას მაღალ ფასს ადებენ, რის გამოც მათ ეს პროდუქტი გასაყიდი რჩებათ”, – თქვა ზაზა დაბრუნდაშვილმა.

“ქართული ოცნების” პოზიციების პასუხად, ინიციატივის ავტორმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის საკუთარი მოქალაქეების გაძლიერება პრიორიტეტი არ არის. ვასიკო ბაქრაძის თქმით, ფერმერების პრობლემების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეს ოჯახები სოფლებს და მეტიც, ქვეყანას ტოვებენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი