სტატიები

“თქვენ როგორ იცხოვრებდით საოკუპაციო ხაზთან და თან უწყლოდ?”

ავტორი: ანა ჯიოშვილი

Საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობენ ქალები, რომლებსაც წლებია ერთადერთი საერთო მოთხოვნა აქვთ: სახლში – სასმელი, ეზოსთან კი სარწყავი წყალი ჰქონდეთ.

დაცლის პირას მყოფ სოფელში, ნახავთ ქალებს, რომლებიც წყლით სავსე ბიდონებს გაჭირვებით ეზიდებიან, რომლებიც შვილებისთვის ტანსაცმელს ცივი წყლით რეცხავენ და რომლებსაც, სათბურში დათესილი ბოსტნეული უწყლოობის გამო უხმებათ. 

_______________

სოფლის ცენტრში, იქ, სადაც რამდენიმე უბანი ერთმანეთს უერთდება, დიდი რკინის ავზი დგას. თუ ვინმესთან გამოლაპარაკება გინდა, სწორედ აქ უნდა მიხვიდე, რადგან დღის განმავლობაში ავზთან ყოველთვის არის ვიღაც, ვინც წყალს ავსებს ან იქვე დგას და საკუთარ რიგს ელოდება. 

| მარტოხელა ქალი:  წყლის მომწოდებელი კი არა, წყალიც სანატრელი მაქვს

ჩემი მისვლის დროს, ავზთან მოხუცი ქალი, გულო ახალბედაშვილი იყო. Სამფეხა სკამზე იჯდა და წყლის ასავსებად მოტანილ ჭურჭელს დაჰყურებდა. Სიცილით Მითხრა, სანამ ავსებას დავიწყებ, ცოტას ვისვენებო. 

ჩემი სახლი აი, იქაა, იმ აღმართის ბოლოში. Მაგ აღმართს გავდივარ ყოველ დღე, რომ სახლში წყალი მივიტანო. მაგან შეიწირა ჩემი ჯანმრთელობა. წელი და თირკმელები მაწუხებს”, – მითხრა და ხელები წელზე შემოილაგა. 

გულო მარტო ცხოვრობს, ამიტომ სოფლის ცენტრიდან სახლამდე წყლით სავსე ბიდონების ზიდვა თავად უწევს. 

“ამ გზას ისე ჩამოვივლი და ავივლი ხოლმე, რომ ხან გზაშიც კი არავინ მხვდება, აბა, ვინ უნდა დამეხმაროს? ადრე, როცა ხალხმრავლობა იყო, ყველა ყველას ეხმარებოდა და ბევრად იოლი იყო ცხოვრება”. 

ბერშუეთში მოსახლეობის რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. Სოფელში სახლების უმრალესობა დაკეტილი ან მიტოვებულია. 

“იცლება სოფელი, რადგან ნორმალურად ცხოვრება აქ ვერ გამოდის. ადამიანს რომ წყალი სჭირდება, ეს ყველამ იცის, მაგრამ აბა, ადარდებთ, ამ დღეში რომ ვართ?!”, – მითხრა, წელში გაიმართა და წყლის ასავსებად მოემზადა, იქამდე კი, მარჯვნივ გაიშვირა ხელი და მეც იქით გამახედა, – “აგერ, იმ სახლს რომ უყურებთ, მანდ მრავალშვილიანი დედა ცხოვრობს, დღეში რამდენჯერმე ამოდის აქ, შვილებთან ერთად და წყალს ეზიდება.“

| მრავალშვილიანი დედა:  ელემენტარული, ჩაის დალევა რომ გვინდა, წყალი ერთი კილომეტრიდან მოგვაქვს. 

Მრავალშვილიანი დედა, ჯულიეტა მჭედლიძე მდინარე ბერშოულას გვერდით, ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. Როცა მივედი, ეზოში გაჭიმულ თოკზე ტანსაცმელს ფენდა – ყველა მათგანი განსხვავებული ფერის და ზომის იყო. 

ქალს საქმე არ გამოელევა, მაგრამ გისმენთ, რა გაინტერესებთ?”, – მიპასუხა, როცა ვკითხე, სასაუბროდ თუ ეცალა. 

ჯულიეტამ მიამბო, რომ სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, უკვე წლებია არსებობს. Რომ ოჯახები ხშირად ხელის ტრაქტორს თხოულობენ, რათა რამდენიმე დღის სამყოფი წყალი დაიმარაგონ. 

“ექვსი შვილი მყავს და წარმოიდგინეთ, აბა, რამდენი წყალი მჭირდება. Საჭმელი, სასმელი, სარეცხი, ყველაფერზე ხომ წყალია საჭირო.  ბავშვები მეხმარებიან, მაგრამ მეცოდებიან, ასეთი პატარები ამ სიმძიმეებს რომ დაატარებენ”.

ჯულიეტამ მითხრა, რომ წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, ქალებმა საპროტესტო აქციაც მოაწყეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.

წყალი რომ არაა, ეს ყველაზე მეტად ქალებს აწუხებთ, რადგან მთელი საოჯახო საქმეები მათი საფიქრალია და ყველა მაგ საქმეს წყალი სჭირდება, თან ცოტა კი არა, ბევრი. ერთი-ორი წლის წინ, Შევიკრიბეთ კიდეც, აქცია მოვაწყეთ, მაგრამ რა შედეგიც გვაქვს, თქვენც კი ხედავთ”, – მითხრა და თოკზე გაფენილ შარვლებს ტოტები ჩამოუფერთხა. 

| ფერმერი ქალი:  სოფლის მეურნეობა რანაირად განვითარდება, წყალი რომ არაა? 

დაცლის პირას მყოფ სოფელში, მიწების უმრავლესობა დაუმუშავებელია. Წყლის პრობლემის გამო, ოჯახებმა მეურნეობების მოვლაზე გული აიცრუეს.

“გინდა შენს მიწას მოუარო, რამე დათესო, ახარო,  მაგრამ წყალი არ არის”, – მითხრა მაია მერებაშვილმა, რომელმაც სოფლის მეურნეობაზე ხელი არ ჩაიქნია და მეუღლესთან ერთად, საკუთარ ეზოში სათბური მოაწყო. 

სათბურში ოჯახს მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავს, მაგრამ როგორც მაია ამბობს, უწყლოობის გამო, ჩანაფიქრის განხორციელება ძალიან უჭირთ. 

“სასმელი წყალი მრიცხველზეა რაშიც ძალიან დიდ თანხას ვიხდით. სათბური რომ სასმელი წყლით მოვრწყო, თვეში 100-120 ლარის გადახდა მიწევს. ხან არის, რომ ეგეც დაწყვეტილია და საერთოდ არ მოდის, რადგან ხალხს გადახდა უჭირს და არ უშვებენ ხოლმე”.

Მაიას სათბური საოკუპაციო ხაზიდან ოც მეტრში მდებარეობს. Სათბურს ორსართულიანი სახლის აივანი გადაჰყურებს, აივანზე კი საქართველოს და ევროკავშირის დროშები ფრიალებს. 

“არავინ თქვას, რომ აქ ცხოვრების არ ეშინია. ყველას გვეშინია, მაგრამ ვრჩებით იმიტომ, რომ აქაურობა გვიყვარს. უბრალოდ აქ რა გაჭირვებაშიც ვართ, ისინიც ხედავენ და მაგაზე რომ ვფიქრობ, კიდევ უფრო ვბრაზდები”, – გვითხრა და  მზერა იმ მხარეს შემოატარა, საითაც რუსი სამხედროების მიერ დამონტაჟებული ე.წ. Საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ჩანს.

Მაიას წუხს, რომ მყიფე მშვიდობის, იუმედობის და უპერსპექტივობის გამო, სოფელში დარჩენის სურვილს ნელ-ნელა მეტი და მეტი ადამიანი დაკარგავს. 

“აქ თუ რჩები, ესე იგი, უნდა ეწვალო მთელი ცხოვრება. ქალები დილიდან ღამემდე შრომობენ და მაინც წინ ვერ მიდიან. აქ მუშაობა არავის ეზარება, მაგრამ ხელშეწყობა არაა. მე აქედან წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ყველა ამ განწყობით არაა და ვეღარც ვამტყუნებ”. 

Მაიას სახლი შემაღლებულ ადგილზე დგას და როგორც დამშვიდობებისას მითხრა, სანამ ცოცხალია, მის აივანზე საქართველოს დროშა არ დაეშვება. 

“როგორი გაჭირვებაც არ უნდა იყოს აქ, მე მაინც სულ ამაყი ვიქნები იმით, რომ ქართველი ვარ. ეს ამ სოფელში ერთ-ერთი ყველაზე შემაღლებული ადგილია და ჩვენს სახლს ოკუპანტებიც კარგად ხედავენ.  ეს დროშაც ამიტომ მაქვს აივანზე გამოფენილი. უნდა დაინახონ, რომ აქ არის და სულ იქნება, სულ იფრიალებს … “


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.