ახალი ამბები

“გორის ისტორიის გასაცნობად” –  ახალგაზრდული პროქტი City Game იწყება 

“ჩვენი მიზანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ახალგაზრდებში დაინტერესებას გამოიწვევს”, – ამბობს გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ლიზი ბალახაშვილი. 

ის ერთი წელია, რაც სტუდენტურ თვითმმართველობას ხელმძღვანელობს და როგორც ამბობს, გუნდთან ერთად, არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა განახორციელა. თვითმმართველობის წევრებს სამომავლო გეგმებიც აქვთ.

“ამჟამად, 13 მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელსაც საკმაოდ ეფექტურად ვახორციელებთ.  ეს არის ნიშანი იმის, რომ ახალგაზრდების ინტერესებს სწორად მოვერგეთ.  თითოეული პროექტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს”, – გვითხრა ლიზიმ. 

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიდან, ერთ-ერთია გორის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი “დიმიტრი ყიფიანის საზოგადოება”, რომელიც თავის მხრივ გორელი მოსწავლეებისთვისა და ახალგაზრდებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს. 3 ნოემბრიდან პროექტი “City Game” სტარტს გორის უნივერსიტეტში აიღებს. 

“პროექტის განხორციელების იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, იმ მნიშვნელოვანი ძეგლებისა და არტეფაქტების მნიშვნელობას, რომელიც გორის ტერიტორიაზე გვხვდება. ჩვენი მთავარი მიზანია, მონაწილეებმა თამაშის მსვლელობის პროცესში აღმოაჩინონ და შესაბამისად გაეცნონ მნიშვნელოვან გადმონაშთებს წარსულიდან, რაც გორის ტერიტორიაზე გვხვდება. გარდა ამისა, ისინი ძიების პროცესშივე აღმოაჩენენ საინტერესო ფაქტებს და თამაშის მსვლელობის პროცესში იპოვიან კითხვებზე პასუხებს, შესაბამისად, გაეცნობიან საინტერესო ფაქტებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზოგადად გორის ისტორიული დანიშნულების შესახებ”, – გვითხრა ლიზი ბალახაშვილმა. 

ამავე თემაზე: City Game – დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების პროექტი გორში

როგორც ლიზი ამბობს, სტუდენტური თვითმმართველობა დაკავებულია ახალგაზრდული პრობლემებისა და საჭიროებების გამოკვეთით. ის ფიქრობს, რომ სტუდენტების აქტიურობას მნიშვნელოვნად შეუძლია რეგიონში სხვადასხვა საკითხების წინ წამოწევა. 

“ეს ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც სტუდენტებს შორის ფარული კენჭისყრით ირჩევა, სწორედ ამიტომ მას უფლება აქვს სტუდენტთა სახელით ისაუბროს.  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საბჭო 20 სტუდენტისგან შედგება, აქედან კი, 10 სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია, 5 განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ხოლო  5 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის”, – გვიხსნის ლიზი. 

როგორც ლიზი ამბობს, სტუდენტურ თვითმმართველობის ძირითადი სამუშაო მიმართულებები მომავალშიც განათლება, სპორტი, კულტურა, ტურიზმი და პიარი იქნება.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.