ბლოგები

რა არის ბულინგი და რა გზები არსებობს პრევენციისთვის?

ავტორი: ნინო ბალოიანი, ფსიქოლოგი

როდესაც ერთი ან რამდენიმე ადამიანი ავიწროვებს ან/და ჩაგრავს სხვა ადამიანს და ამას აქვს განმეორებადი ხასიათი, ამ პროცესს ჰქვია ბულინგი და იგი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.  ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან ჰყავს რამდენიმე მონაწილე: მსხვერპლი, მოძალადე, ნეიტრალური, მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე მხარეები.

ბულინგს რამოდენიმე ფორმა აქვს და ხშირად უფროსებისთვის შეუმჩნეველია. ეს ფორმებია:

  • ფიზიკური – რა დროსაც ადგილი აქვს ფიზიკური შეურაცხყოფას, ცემას, ნივთების დაზიანებასდა სხვა.
  • ვერბალური, ანუ სიტყვიერი ბულინგი – ადგილი აქვს სიტყვიერ შეურაცხჰყოფას, დაცინვას და მათ შორის მუქარასაც.
  • ფსიქოლოგიური, მორალური და ემოციური ბულინგი – ამ შემთხვევაში, შეიძლება ძალადობა თვალშისაცემი არ იყოს უხეშად, პირდაპირ მიმართული, თუმცა მიმართულია მსხვერპლის შევიწროვებაზე. ამ დროს ადგილი აქვს სოციალური იზოლაციას, ჭორების გავრცელებას, დამცირებას და ცილისწამებას. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი ფორმა იგნორი, რა დროსაც მსხვერპლს ჯგუფი აიგნორებს და არ იმჩნევს, თითქოს ცარიელი ადგილია. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია მსხვერპლისთვის. თითქოს ფიზიკურად და სიტყვიერად არ ეხებიან მსხვერპლს, თუმცა იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმას და ტრავმას აყენებენ, რომელიც გადასატანად, გადასამუშავებლად და გასამკლავებლად ძალიან რთულია. ასეთ შემთხვევაში მსხვერპლის/ბავშვის ქცევები და ხასიათი იცვლება, რაც უფროსებისთვის პრობლემის მიმანიშნებელია.  
  • კიბერ ბულინგი – რომელიც განსხვავებული ფორმაა და ძირითადად სექსუალური შინაარსისაა, თუმცა თავის თავში მოიცავს დამცირებას, მუქარას, შეურაცხმყოფელი სახელების შერქმევას, შანტაჟს, მანიპულირებასა და მათ შორის თავდასხმის საფრთხესაც.

რა არის ბულინგის გამომწვევი ფაქტორები?:

ბულინგის გამომწვევი რამდენიმე ფაქტი შეიძლება არსებობდეს:

  •  როდესაც მოძალადე თვითონაა ძალადობის მსხვერპლი და ცდილობს თავისი აგრესიული ქმედებით თავი დაიმკვიდროს თანატოლებსა და საზოგადოებაში. ასევე მისთვის ძალადობა შესაძლოა ნორმად მიიჩნეოდეს, რადგან მის ცხოვრებაში დასჯა და ძალადობა მისაღებია. მისთვის ესეთი ფორმის ურთიერთობა ნორმირებულია. ასევე შეიძლება იყოს ისიც, რომ მსხვერპლი სხვა სივრცეში, მაგალითად სკოლაში, უბანში იმეორებს იმას, რაც მის თავს ხდება და მას დასწავლილი  აქვს. მან არ იცის, როგორ უნდა გამოხატოს აგრესია და ბრაზი ისეთი ფორმით, რომელიც არ დააზიანებს არც მას და არც მის გარშემომყოფებს. ასეთი მოზარდები, როგორც აღვნიშნე, ცდილობენ სოციალიზაციას იმ ფორმით, რომელიც მათთვისაა ნაცნობი.
  • კომპიუტერული თამაშები, თამაშდამოკიდებულება – ასეთ დროს მოზარდს დაგროვილი აქვს აგრესია. მასში ვერ ხერხდება დაგროვილი აგრესიის მონელება.
  • მშობლების მხრიდან უგულებელყოფა – რა დროსაც მოზარდს შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს (ან/და არც ჰქონდეს) მატერიალური, მაგრამ არ აქვს მთავარი და მნიშვნელოვანი – მშობლის მხრიდან სიყვარული და აღიარება. მოზარდის აგრესიული ქცევა ძირითად შემთხვევაში მიმანიშნებელი სიგნალია „მომისმინე!“ „მეც აქ ვარ!“, „მეც დამინახე!“, „მეც მაღიარე!“, „მეც შემაქე!“, „ყურადღება მომაქციეთ!“ და სხვა.
  • შეიძლება ბულინგის წინა პირობად ჩაითვალს ფიზიკური მდგომარეობა/განსხვავება სხვა მოზარდებისგან.
  • რელიგიური, ეთნიკური მიკუთვნებულობა და სოციალური სტატუსი.

პრევენციის გზები

ის გარემო, სადაც მოზარდს და ბავშვს უწევს მუდმივად ყოფნა, ამ შემთხვევაში ოჯახი და საგანმანათლებლო სისტემა, პირველ რიგში ბავშვს უნდა აძლევდეს ემოციური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობას, რაც ძალადობისა და მათ შორის ბულინგის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სკოლებში უნდა მუშობდნენ ამ მიმართულების სპეციალისტები, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მასწავლებლებთან ერთად, რომელიც ორიენტირებული იქნება ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობაზე. მათი ოჯახის წევრების ფსიქოგანათლებასა და ჩართულობაზე, რომლის მიზანიც უნდა იყოს სოციალური და არაძალადობრივი კომუნიკაციის განვითარება.

მნიშვნელოვანი როლი ბავშვის კეთილდღეობაში მიუძღვის მშობელს და მასწავლებელს, რაც არის წინა პირობა იმის, რომ თუ შეთანხმებულად და კოორდინირებულად არ იმუშავა ორივე სოციალურმა წრემ, როგორიცაა სკოლა და ოჯახი, შედეგს ვერ მივიღებთ.

სკოლებში მუდმივად უნდა ხდებოდეს ძალადობის მონიტორინგი და ბავშვებთან საგანმანათლებლო შეხვედრები ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, რათა გაიზარდოს მათი ცნობიერება და გახდნენ მგრძნობიარენი ძალადობის საკითხების მიმართ, რაც თავის თავად მომავალში მოგვცემს ფსიქიკურად ჯანსაღ, არამოძალადე, გონიერ მომავალ თაობას.

ბულინგის განმახორციელებელთან მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, ბულერიც შესაძლოა იყოს მსხვერპლი. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი მდგომარეობის შესწავლა ბიო-ფსიქო-სოციალური დონეზე და ამ მოკვლევის შემდეგ დაიგეგმოს  მასთან მუშაობის გეგმა და განხორციელდეს, რომელიც საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პრევენცია ეს არის სისტემის დონეზე გასააზრებელი საკითხი, რადგან ბავშვმა სკოლაში ფეხის შედგმის პირველივე დღიდან უნდა იცოდეს, თავისი უსაფრთხოების ზომები. პირველი, რაც მესიჯის სახით უნდა მიიღოს მან, არის ის, რომ თავად უნდა დაიცვას წესები. ბავშვმა უნდა გაიაზროს, რომ როდესაც მას წესების დაცვას სთავაზობს სისტემა, პირველ რიგში ეს საკუთარი თავისთვის სჭირდება. როდესაც მას ავუხსნით, რომ ეს წესი პირველ რიგში შენთვის არის სასარგებლო და შენ დაგიცავს, ის განვითარების სხვა ეტაპზე, მომავალში მიხვდება, რომ ეს მისი სოციალური პასუხისმგებლობაა, რაც უკვე მას გათვითცნობიერებული, შესისხლხორცებული ექნება. მან ეს პროცესი უნდა გაიაროს, როდესაც თითოეული ბავშვი ასე ჩამოყალიბდება, ეს უკვე ბულინგის პრევენცია იქნება.

სამწუხაროა, რომ ბავშვების ბულინგის ფაქტებს  ძირითადად უყურადღებოდ ტოვებენ უფროსები. თვლიან, რომ გაიზრდებიან და გაუვლით. ამბობენ, ჩვენც გამოგვივლიაო ან სულაც ვერ ამჩნევენ ან და არ იმჩნევენ, რადგან არ იციან ამ პრობლემის სიღრმე და სიმძიმის ფასი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.