ადამიანები ისტორიები

ქორეოგრაფი, რომელმაც ლას-ვეგასში ცეკვის კონკურსში გაიმარჯვა – ნინო ლომსაძის ისტორია

“უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც უცხო ქვეყანაში გადიხარ საქართველოს სახელით და ხელთ გიკავია ეროვნული დროშა”, – ამბობს მოცეკვავე ნინო ლომსაძე, რომელმაც ლას-ვეგასში ცეკვის კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა.

ნინომ უცხო ქვეყნის ჟიურის ცეკვა ქართული და ჯეირანი წარუდგინა. ქართულ ცეკვაში ნინოს მეწყვილე ქართველო ემიგრანტი იყო.

“ლას-ვეგასში მონაწილეობა მივიღე ცეკვების კონკურსში. მე ინდივიდუალურ ცეკვებში ვმონაწილეობდი. ვიცეკვე ჯეირანი და ქართული. ქართულში ჩემი მეწყვილე იყო ემიგრანტი ბიჭი, რომელიც წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს. სცენაზე გასვლიდან პირველივე წამებში ვიფიქრე, რომ ისე უნდა მეცეკვა, გამარჯვება მომეპოვებინა. ხუმრობა ხომ არაა, ამხელა აუდიტორიის წინაშე შენი ქვეყნის კულტურა და სახელი გაგაქვს, ამიტომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩემმა მონდომებამ და თავდაჯერებულობამ გაამართლა და გავხდი პირველი ადგილის მფლობელი”, – იხსენებს ნინო.

ნინო 7 წელია ანსამბლ “ოქროს ფარის” წევრია. ამ დროის განმავლობაში, ის არაერთი ფესტივალის მონაწილე და ლაურეატი გამხდარა. 

“ყოველდღე ვრეპეტიციობ. ცეკვის გარეშე არ შემიძლია, ვერ ვჩერდები. ყოველდღე ვნახულობ დროს, რომ ვიცეკვო. ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ. 2 წლის ვიყავი, მელოდიას რომ ვყვებოდი და რიტმის შეგრძნება მქონდა. ამას ამჩნევდნენ ჩემი ოჯახის წევრებიც. იქიდან გამომდინარე, რომ მამიდაჩემიც ამ ანსამბლში ცეკვავდა, დაახლოებით 10 წლის ასაკში მშობლებმა ცეკვაზე შემიყვანეს”, – გვიყვება ნინო. 

ყველა ცეკვა მისთვის განსაკუთრებული და საპასუხისმგებლოა, თუმცა ფიქრობს, რომ ცეკვა “ჯეირანი” მისი სავიზიტო ბარათია.

“სამი ცეკვა მიყვარს განსაკუთრებულად, რომელიც გამოხატავენ ჩემს ხასიათს – ოსური, რომელიც მინიმალური პლასტიკითაა, მაგრამ ბევრი რამეა სათქმელი, ჯეირანი და ქართული. განსაკუთრებული მანერულობის გამო შემარჩიეს “ჯეირანის” სოლისტად, ეს ცეკვა ანსამბლში ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა”, – ამბობს ნინო.

ნინომ წელს ანსამბლის პირველკურსელები ჩაიბარა. ახლა მან საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას უნდა გაუზიაროს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.