ადამიანები ისტორიები

“ჩვენი ნიჭის პოვნა უნდა შევძლოთ” – როგორია ეტლს მიღმა სამყარო 18 წლის ნუცასთვის

ნუცას ქარელში, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში შევხვდით. სკოლის დამთავრების შემდეგ, ნუცა სწავლას სწორედ აქ აგრძელებს – აქვს საკუთარი მიზნები და იმედი, რომ ყველა მათგანის მიღწევას შეძლებს. 

ნუცა ლექსებს წერს. გვითხრა, რომ ერთ წელში, ასზე მეტი ლექსი დაწერა და ახლა მათ გამოცემაზე ფიქრობს. 

“ეს ცენტრი ძალიან მიყვარს, რადგან სურვილი, რომ მეწერა, სწორედ ამ ცენტრმა გამიჩინა. ახლა ჩემი ოცნება წიგნის გამოცემაა. წერის შეწყვეტას არ ვაპირებს, რადგან სიამოვნებასთან ერთად, ეს პროცესი ძალას და ენერგიასაც მაძლევს“, – გვითხრა ნუცა ეკალაძემ, რომელიც წარმოშობით ხვედურეთიდანაა. 

ნუცას ლექსები ძირითადად მეგობრობაზე და სიყვარულზეა. ამბობს, რომ ისინი ძირითადად იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებთან შეხვედრისასაც განსაკუთრებული, გამორჩეული ემოცია უგვრძნია.

“ჩემს ყველა ლექს თავისი ადრესატი ჰყავს. შეიძლება ვიღაცას შევხვდე ან ვინმე დავინახო და შთაგონების წყარო მაშინვე მოვიდეს. სხვათაშორის, ყველა ჩემი ლექსი მუსიკის ფონზე იწერება და მთლიანობაში, მთელი ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო და ემოციურია ხოლმე”. 

ნუცა კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში პირველად 7 წლის წინ მივიდა. ამბობს, რომ ამ წლებში მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. 

“მთელი ცხოვრებაა ეტლში ვზივარ. მიუხედავად იმისა, რომ დედას სულ დავყავდი აქეთ-იქით და ხალხთან ურთიერთობაც სულ მქონდა, ამ ცენტრში მოსვლამ საკუთარი თავი და სამყარო სხვანაირად დამანახა. ალბათ ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, რომ ისეთ სივრცეში მოხდეს, სადაც მას საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარებიან.”

ნუცამ სკოლა წელს დაამთავრა. ის ახლა 18 წლისაა. ამბობს, რომ ადაპტირებულ გარემოზე ოცნება სწორედ სკოლამდე მისასვლელმა გზამ დააწყებინა. 

“სკოლის პერიოდი სევდიანად მახსენდება, რადგან სოფლის ბოლოში ვცხოვრობ და ტრანსპორტი ჩემ სახლამდე ვერ მოდიოდა ხოლმე. ამიტომ მშობლებს დავყავდი. იყო დღეები, როცა გზა ტალახიანი ყოფილა, იმდენადაც, რომ შეუძლებელი იყო იმ გზის გავლა. ამ დროს სახლში დარჩენა მიწევდა და სევდიანი იყო ეს ყველაფერი”. 

სევდიანი მოგონებების მიუხედავად, ნუცას სჯერა, რომ სამყარო სამართლიანია – ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა შეზღუდულ ნიჭიერებას არ ნიშნავს. სწამს, რომ ყველა ადამიანს რაღაც განსაკუთრებული უნარი აქვს, რომლის პოვნაც და განვითარებაც ცხოვრების მიზნად უნდა აქციოს. 

“არავინ, არავინ არ უნდა ჩაიქნიოს ცხოვრებაზე ხელი. მე რომ ეტლში ვზივარ, ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა. არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ არ ვირჩევთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ გზა, რომლითაც სიარულს ვაპირებთ. ამ გზის არჩევისას კი, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, სხვა ნიჭი გვექნება აუცილებლად. სწორედ ის უნდა მოვძებნოთ, ის უნდა ვიპოვოთ და წინ სიარული მოვინდომოთ …”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი