ადამიანები ისტორიები

“კლასიკური პედაგოგიკა ჰუმანურია” – 24 წლის მასწავლებელი ქარელიდან

მარიამ ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. დასვენების პარალელურად, მუდმივად ფიქრობდა იმაზე, თუ რა და როგორ შეეცვალა საგაკვეთილო პროცესში, რათა ის საკუთარი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასარგებლო გამხდარიყო. მარიას აზრით,, სიახლეები და ცვლილებები  მხოლოდ მოსწავლისთვის კი არა, მასწავლებლისთვისაც მნიშვნელოვანი და საჭიროა. 

“მასწავლებელი არის ის, ვინც სულ ეძებს და თავად სულ გზაშია. თანამედროვე ეპოქაში მასწავლებელს მეტი განვითარება სჭირდება. ყველა ახალგაზრდა მასწავლებელს აქვს თანამედროვე ხედვა და მიდგომა, რაც სწავლა-სწავლების პროცესს ხდის მეტად საინტერესოს და პროდუქტიულს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ თანამედროვე მიდგომები დავნერგოთ პედაგოგიკასა და პრაქტიკაში. მუდამ ამას ვცდილობ და თავადაც დიდ სიამოვნებას ვიღებ ამით”, – გვითხრამ მარიამ, რომელიც ახლა 24 წლისაა. 

მარია კოპაძემ სკოლაში მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. მაშინ 22 წლის იყო და უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა. 

“სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელი იმყოფებოდა ბიულეტინზე, ამიტომ მის მაგივრად დროებით შემცვლელად გამიშვეს. მიწევდა შესვლა VII-XI კლასებთან, ამის პარალელურად კი ვიყავი XI კლასის დამრიგებელი”, – იხსენებს მარია. 

შემცვლელ მასწავლებლად მუშაობიდან მალევე, მარიამ მუდმივი სამსახური იშოვა – 2022 წლის იანვრიდან, მისი სახით, ბიოლოგიის ახალგაზრდა მასწავლებელი სოფელ გვერძინეთის საჯარო სკოლას შეემატა. 

“ახლა უკვე უფროსი მასწავლებელი ვარ და მართლა ბოლომდე ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაკისრია. განათლებული და დამოუკიდებელი თაობის აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ერის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მეც ვცდილობ ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ამ უდიდეს და სასიკეთო საქმეში”, – ამბობს მარია. 

საკუთარ პროფესიაზე საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ მასწავლებლობა შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. ამბობს, რომ საკუთარ ადგილს სკოლასა და ბავშვების გვერდით, ჯერ კიდევ პატარაობაში ხედავდა – მაშინ, როცა მისი საყვარელი თამაში –  “მასწავლებლობანა”, საყვარელი სათამაშოები კი ცარცი და დაფა იყო. 

“ბავშვობაშივე მინდოდა მასწავლებლობა. მახსოვს, როგორ ვამეცადინებდი თოჯინებს. ჩემი მასწავლებლის კუთხეც მქონდა, თავისი დაფით და ცარცებით. მერე და მერეც, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა მომწონდა, რის გარეშეც მასწავლებლად ყოფნა წარმოუდგენელია. თუ ბავშვი არ გიყვარს, კარგი მასწავლებელი ვერ იქნები. მათთან ურთიერთობაში უმთავრესია სითბო, სიყვარული, მზრუნველობა და ურთიერთგაგება”. 

მარია თავად ქარელში ცხოვრობს, თუმცა სკოლიდან სიშორე ხელს არ უშლის, რომ ყოველი დღე ხალისით და ბავშვებისთვის ახალი ცოდნის გაზიარების სურვილით დაიწყოს. 

“მიხარია, რომ სწავლა-სწავლების პროცესი იმაზე მეტად აქტიურია, ვიდრე უწინ. წინა წლებში მხოლოდ ფრონტალური ტიპის გაკვეთილები ტარდებოდა, ლექციური და თეორიაზე დამყარებული სწავლება იყო პრიორიტეტული. ახლა კი კეთებით სწავლას ენიჭება უპირატესობა. შეიცვალა მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულება. ადრე ძალიან ოფიციალური და მოკრძალებული ურთიერთობა იყო, სადაც არანაირი მეგობრობა არ ფიგურირებდა, საბედნიეროდ ახლა ეს შეიცვალა და უფრო დადებითი დამოკიდებულება გაჩნდა”. 

მარიას აზრით, მეგობრობა ბავშვებთან ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა.  

“ყველა მოსწავლეს თავისებური მიდგომა სჭირდება, მათთან საერთო ენის გამონახვაა საჭირო. კარგი მასწავლებელი მეგობრობს თავის მოსწავლეებთან. პატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა კი ეხმარება მოსწავლეს, მიიღოს მყარი ცოდნა, განვითარდეს და დაიმკვიდროს თავი სოციუმში”. 

მარიას სასწავლო წლის მოახლოება უხარია. ამბობს, რომ არდადეგების შემდეგ, მოსწავლეებთან შეხვედრას განსაკუთრებული ენერგია და ემოცია მოაქვს. 

“კითხვას, თუ რას მინდა რომ ამ წელს მივაღწიო, ახლაც იგივე პასუხს ვცემ, რასაც წინა წლებში – მოსწავლეების სიყვარულსა და პატივისცემას. ახალი საწავლო წლის პირველ დღეს, ჩემი მოსწავლეები რომ სიყვარულითა და სითბოთი შემხვდებიან, ეს იქნება ჩემთვის წინა წლის დიდი მიღწევაც და იმ ჩემი შრომის დაფასებაც”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი