ბლოგები

რატომ ვქმნით დაცულ ტერიტორიებს?

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორი

დედამიწაზე ყოველწლიურად 2 500-ზე მეტი სახეობის გადაშენება ხდება. მასობრივი გადაშენების მსგავსი ტემპი ბოლოს 65 მილიონი წლის წინ იყო, როდესაც ჩვენს პლანეტაზე დინოზავრებმა შეწყვიტეს არსებობა. იმ შემთხვევაში, საქმე გვქონდა მეხუთე მასობრივ გადაშენებასთან. დედამიწაზე მიმდინარე გადაშენების პროცესს მეექვსე მასობრივ გადაშენებას უწოდებენ.

განსხვავებით 65 მილიონი წლის წინანდელი ამბებისა, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადამიანის ჩარევით გამოწვეულ უდიდეს კრიზისთან, რომელიც სხვა სახეობებთან ერთად, კაცობრიობასაც აყენებს გაქრობის საფრთხის წინაშე.

ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებიდან დღემდე ადამიანები აქტიურად ვიწყებთ ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, მასობრივად ვჩეხთ ტყეებს, ვაშენებთ სამრეწველო ობიექტებს, ვაშრობთ ან მიმართულებას ვუცვლით მდინარეებს, გაგვყავს გზები, მაღალი ტემპებით ვითვისებთ იმ გარემოს, რომელიც გუშინ ცხოველების, ფრინველების, მწერების და მიკროორგანიზმების სამყოფელს წარმოადგენდა. აქტიური სამრეწველო – ეკონომიკური საქმიანობა ყოველდღიურად მსოფლიოში მილიონობით ტონა ნარჩენს წარმოქმნის, რომელიც ქაოსურადაა გაბნეული, როგორც საზღვაო აკვატორიებში, ისე ხმელეთის სხვადასხვა ნაწილზე.

მასობრივ გადაშენებას ხელს უწყობს დედამიწაზე მიმდინარე და საგრძნობლად აჩქარებული კლიმატური ცვლილებები, რომელთან ადაპტირება ურთულესი ამოცანაა მრავალი სახეობისთვის.

მოსახლეობის რაოდენობის მატება დედამიწისგან სულ უფრო მეტი რესურსის გამოყენებას ითხოვს. საჭიროა მეტი ტერიტორია, მეტი საწარმო, მეტი გზა და ავტომობილი, უფრო მეტი დასახლებული ადგილი, ეს კი თითქმის ყოველთვის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და ცოცხალი არსებების განდევნა – განადგურების, ტერიტორიების დაბინძურების ხარჯზე ხდება.

1872 წელს, შეერთებულ შტატებში, პირველი დაცული ტერიტორია, იელოუსთოუნის ეროვნული პარკი შეიქმნა. მის მიზანს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენდა, გავრცელებული ვანდალიზმისა და რეკრეაციული ზონების მასობრივი დაბინძურებისგან.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც 100 წელზე მეტია იცავენ ველურ ბუნებას.

უნიკალური სახეობების დაცვისა და გადარჩენის სურვილი ამოძრავებდა ევროპელ მოყვარულ ნატურალისტს ლუდვიგ მლოკოსევიჩს, როდესაც ლაგოდეხში გადასახლებაში მყოფმა, მეფის რუსეთის დარწმუნება დაიწყო დაცვის განსაკუთრებული სტატუსი მინიჭებოდა ლაგოდეხის უნიკალურ ტყეებს და მის იმ დროისთვის უცნობ და უცნაურ ბინადრებს.

დღეს დაცული ტერიტორიები საქართველოს მთლიანი ფართობის 12% შეადგენს, მათი უდიდესი მნიშვნელობა 90-იან – 2000-იან წლებში გამოჩნდა.

ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, უკონტროლო ნადირობამ და ბუნებრივი რესურსების მასობრივმა განადგურებამ თითქმის გააქრო ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საკვანძო სახეობები. გაქრობის პირას დადგა კავკასიის ენდემური ჯიშები – აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ კავკასიონზე ბინადრობს, მკვეთრად შემცირდა კეთილშობილი ირემი და კავკასიური მურა დათვი.

2007 წლიდან, დაცული ტერიტორიების რეფორმის შედეგად, იწყება აღნიშნული სახეობების პოპულაციის ზრდა. დღეს ირემი, ჯიხვი და დათვი კვლავ შედიან წითელ ნუსხაში, თუმცა მათი რიცხოვნობა უკვე აღწევს რამდენიმე ასეულს. რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული მდგომარეობა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ურთულესი ამოცანაა მათ შენარჩუნებასა და რიცხოვნობის ზრდის საკითხზე მუშაობა.

საბოლოო დასკვნა ის არის, რომ დაცული ტერიტორიები მეექვსე მასობრივი გადაშენების პირობებში, ერთგვარად ნოეს კიდობნის ფუნქციას ასრულებენ. თუკი ადამიანები არ დავიწყებთ მდგრად განვითარებას, ერთ დღეს, ყველაფერს ბეტონი და გამონაბოლქვი დაფარავს.

ერთადერთი ადგილი, სადაც სახეობები გადარჩებიან, დაცული ტერიტორიები იქნება. აქედან გამომდინარე, წამყვანი კვლევითი და სამეცნიერო ინსტიტუტები თანხმდებიან, რომ ქვეყნებში დაცული ტერიტორიების ფართობი საერთო ფართობის 20%-ს და უფრო მეტს უნდა შეადგენდეს, რათა გარანტირებულად მოხდეს ბუნებრივი რესურსების და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა და გადარჩენა.

გორის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, შექმნილი დაცული ტერიტორიები (დაცული ლანდშაფტი და აღკვეთილი), სწორედ ამ არასახარბიელო მსოფლიო ტენდენციას, გეოგრაფიული ზონების გაუდაბურების და ცოცხალი არსებების გადაშენების წინააღმდეგაა მიმართული. ამასთან, დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ამისთვის ამ ტერიტორიების ეფექტური მართვა და მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან აქტიური მუშაობა იქნება საჭირო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.