ადამიანები ისტორიები

ფერმერი, რომელმაც რუისში ჰოლშტინური ჯიშის პირუტყვი მოაშენა – დავით ბალიაშვილის ფერმა

რუისში მცხოვრებმა დავით ბალიაშვილმა, დაახლოებით ორი წლის წინ ჰოლანდიური ჯიშის რქოსანი პირუტყვი მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ ოჯახის წევრებს მოსწონდათ. დავითს იმ დროს ფერმერობაზე არ უფიქრია, რადგან იცოდა, რომ ეს საქმე შრომატევადი და საპასუხისმგებლო იყო.

“დედას ძალიან მოსწონდა ჰოლშტინური ჯიშის საქონელი, ამიტომ გადავწყვიტე შემეძინა. 5 დღის ორი ცალი ხბო ვიყიდე და დავიწყე მათი გაზრდა. ვუვლიდი ისე, როგორც პატარა ბავშვს, რძის მიღება, ტემპერატურის კონტროლი, აცრები. ეს ჯიში ხელოვნურად გამოყვანილია და ძალიან რთულია მათი მოვლა. იმისთვისაც ვიყავი მზად, რომ შეიძლებოდა ვერ გაეძლოთ ჩვენი პირობებისთვის”, – გვიყვება დავითი.

დავითმა გადაწყვიტა ჰოლანდიური გამოცდილება საკუთარ საქმიანობაში გადმოეტანა და მითი, რომ ჰოლშტინური მეწველი ფურები საქართველოში ვერ ხარობენ, დაემსხვრია. ამიტომ დაიწყო ინფორმაციის მოძიება და პირუტყვისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

“ფერმერობა ძალიან საინტერესო საქმე აღმოჩნდა ჩემთვის, პირუტყვზე ზრუნვა, დახარჯული დრო, ენერგია, შრომა, მოტივაციას გაძლევს, რომ კიდევ მეტი გააკეთო. მივხვდი, რომ ჩემი საქმე ვიპოვე და გადავწყვიტე კიდევ შემეძინა რქოსანი პირუტყვი. ახლა ჰოლშტინურთან ერთად მყავს ქართული ჯიშებიც და ვაწარმოებ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს, რომლითაც გამოვკვებავ როგორც ჩემს ოჯახს, ასევე მომხმარებელს”, – ამბობს ის.

იმისათვის, რომ სუფთა ნედლეული აწარმოოს, დავითმა საკუთარი ხარჯებით შეიძინა საჭირო ტექნიკა და თავად მოჰყავს პირუტყვის გამოსაკვები საჭმელი.

“იმისათვის, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვაწარმოოთ, საქონლის გამოსაკვები საჭმელი თავად მოგვყავს. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ვზრუნავთ აქ მყოფ პირუტყვზე, სისუფთავეზე. ეს ჯიში დაბმას ვერ იტანს, ისტრესება, მზე არ უყვარს, საძოვარზე ვერ დადის… ამიტომ მოწყობილი მაქვს სპეციალური სადგომი,ბაგა. ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვარ, ვცდილობ, პირუტყვს ყველა საჭირო პირობა შევუქმნა და ასე განვავითარო ჩემი ფერმა”, – აღნიშნავს ის.

საქმე ბევრია, ამიტომ ფერმის განვითარებაში დავითს ოჯახის წევრები ეხმარებიან.

“საქმეში ჩართულია მთელი ოჯახი, ეტაპობრივად ვსწავლობთ და ვვითარდებით. თუ ოჯახში დამხმარე არ გყავს, ძალიან ძნელია ამ საქმის წამოწყება, რადგან ადგილზე 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ვიღაც, ვინც თვალს ადევნებს და არ დააგვიანებს არც კვებას და არ მოწველას, ამიტომ საქმე შრომატევადია. გვაქვს დაყენებული ვიდეოთვალი და სახლიდანაც სულ მიწევს მეთვალყურეობა”, – ამბობს დავითი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.