ადამიანები ისტორიები

“მუსიკა მსმენელის გულამდე უნდა მიდიოდეს” – სოფო კანდელაკის ისტორია

სოფო კანდელამა მთელი თავისი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა, სხვა პროფესიაზე და საქმეზე არც უფიქრია და არც სურვილი ჰქონდა. მისი მუსიკალური მონაცემები ოჯახმა 3 წლის ასაკში აღმოაჩინა.

“ვმღერი როგორც კლასიკას ასევე პოპ-კლასიკას. ჩემთვის მუსიკა არის ის, რაც ღმერთთან მაახლოებს. კლასიკური მუსიკა კულტურული აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღებ მონაწილეობას როგორც კლასიკურ კონცერტებში, ასევე მიუზიკლებში”, – აღნიშნავს ის

სოფომ მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა. სკოლის დასრულების შემდეგ კი, სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში წავიდა.

“ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში, შემდეგ კოლეჯში საგუნდო სადირიჟორო განხრით. ვეუფლებოდი საესტრადო მუსიკას, ასვე ვსწავლობდი სასულიერო სემინარიაში. სკოლის დასრულების შემდეგ წავედი იტალიაში და სწავლა ლუიჯი ქერუბიმის კონსერვატორიაში გავგრძელე. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, დავეუფლე იტალიურ ბელკანტოს, ვასწავლიდი ბავშვებს და ვმუშაობდი გუნდებთან. ფლორენციაში გავიცანი ჩემი მეუღლე და ამის გამო საქართველოში დაბრუნება მომიწია”, – იხსნებს სოფო.

ოჯახის და შვილების გამო, სოფოს პროფესიული ცხოვრება დროებით შეჩერდა და პაუზა რამდენიმე წელი გაგრძელდა.

“საქართველოში დაბრუნებულმა შევქმენი ოჯახი, გავაჩინე შვილები და მათ ვუთმობდი მთელ დროს. ამის გამო, ჩემს კარიერაში პაუზა ავიღე, თუმცა ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი ვერ იქნები და ვერც სხვას გააბედნიერებ, თუ შენს საქმეში არ ხარ შემდგარი. ამიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა ჩემი კარიერა და ამით ჩემი სიტყვა მეთქვა. ოჯახის მხარდაჭერით, ხაშურში ჩავატარე სოლო კონცერტი, რომელმაც უდუდესი ემოცია და მოტივაცია გამიჩინა”, – ამბობს სოფო.

სოფო საქართველოს დატოვებას აღარ აპირებს. ამბობს, რომ საკუთარ თავს მხოლოდ სამშობლოში ხედავს.

“წარმატების მისაღწევად საჭიროა გიყვარდეს საკუთარი საქმე, იყო გულწრფელი და სწორად აფასებდე საკუთარ შესაძლებლობებს. უნდა იყო შრომისმოყვარეც. ახლა ვქმნი ნაწრმოებებს როგორც სასულიერო ისე საგუნდო, საესტრადო ჟანრში. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩემი მუსიკა ხალხის გულამდე მივიდეს. აღარ ვგეგმავ საზღვრგარეთ წასვლას, ჩემს თავს ვხედავ მხოლოდ საქართველოში”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.