ადამიანები ისტორიები

ჟურნალისტიკიდან ემიგრაციაში – მახო მიქელაძის ერთი წელი ამერიკაში

33 წლის ასაკში დავიბადე თავიდან, ენას, კულტურას, ქცევას, ყველაფერს თავიდან ვსწავლობ, – ამბობს ჟურნალისტი მახო მიქელაძე, რომელმაც ერთი წლის საქართველო დატოვა და ამერიკაში წავიდა.

მახო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში დაიბადა, გაიზარდა და როგორც თავად ამბობს, ჟურნალისტობაზე ოცნებაც იქ დაიწყო.

“ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა, ამიტომ ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე და უკვე პირველი კურსიდან დავიწყე მუშაობა ადგილობრივ ტელევიზიაში, მას მერე უწყვეტად ვმუშაობდი”, – იხსენებს მახო, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს და როგორც გვითხრა ყველაზე მეტად იქაც მიკროფონი ენატრება, – მენატრება მიკროფონი, ჩართვებზე დგომა, მაგრამ რომ მახსენდება ხელისუფლების ინტრიგები, ჩვენ წინააღმდეგ გამოყვანილ ხალხზე რომ ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო მანდედან წამოსვლა”.

ქვეყნის დატოვებაზე ჟურნალისტი პირველად 2012 წელს დაფიქრდა, თუმცა მაშინ გადაიფიქრა, სამშობლოში დარჩა და საკუთარი საქმე გააგრძელა – მიკროფონით და ჩართული კამერით იდგა იქ, სადაც საზოგადოებას სჭირდებოდა.

“გერმანიაში ვაპირებდი წასვლას და ჩავაბარე კიდეც ენის შემსწავლელი კურსის გამოცდა. გავამზადე ყველანაირი საბუთი, მაგრამ არ წავედი. დავრჩი და გავაგრძელე მუშაობა, მაგრამ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვალა, რის გამოც, დღემდე ვნანობ მაშინდელ გადაწყვეტილებას, მაგრამ ალბათ ასე უნდა ყოფილიყო”.

უკვე ერთი წელია, მახო მიქელაძე ნიუ-იორკში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ცხოვრების თავიდან დაწყებად ცდილობს. ეს გზა სიახლეებით და გამოწვევებით სავსეა, რაც მისი სიტყვებით, ემიგრანტის ყოველდღიურობას აზარტს და ხიბლს სძენს.

ამერიკა იყო უალტერნატივო ქვეყანა, სადაც მინდოდა ცხოვრება. ვიცოდი, რომ თავიდან ვიწყებდი ცხოვრებას, თავიდან უნდა მიმეღწია ყველაფრისთვის.  საქართველოში მაინც გიცნობენ წარმატებული ხარ, შენი საქმე გაქვს აქ შეიძლება ითქვას არავინ ხარ და ეს რთულია. პროფესიული თვალსაზრისით დავიკარგე, თუმცა პიროვნულით პირიქით, გავიზარდე. ამერიკა არის ქვეეყანა, რომელიც ყველაფერს გაძლევს. ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოიყენო“.

მახო მომავალს იმედიანად უყურებს. ფიქრობს, რომ თუ საქართველოში მოახერხა თავის დამკვიდრება, საკუთარ ადგილს ამერიკაშიც მოძებნის. როგორც ამბობს, წარმატებისთვის საჭიროა მიზნის ქონა და შრომის სურვილი, მას კი ორივე აქვს.

“ეს პროცესი წარმოუდგენლად მძიმეცაა და სასიამოვნოც, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოვა, ისე როგორც გამოვიდა საქართველოში. ვემუშაობ, ახალი მეგობრები მყავს და ნელ-ნელა ფეხს ვიკიდებ. საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ, მაგრამ ვიცი, რომ თუკი ჩამოვალ, სახლს ვიყიდი, სოფელში, სიმშვიდეში … “

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.